„მოლოდინი არ გვაქვს, რომ რომელიმე ოლქში რამე რისკი შეიძლება იყოს. ეგზიტპოლის მონაცემები და ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებული მონაცემები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით ცესკოს დათვლის შედეგებს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - გამოქვეყნებული არ ჰქონდა ეგზიტპოლის მონაცემები „მთავარ“ არხს, რამდენიმე წამში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა დაიწყეს გამზადებული პოსტერების დადება „ფეისბუქზე“, ანუ წინასწარ გამზადებული, გაყალბებული მონაცემები მათმა ლიდერებმა ძალიან მალე გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში. რამდენ წამში იწყობა პოსტერი?! 10-15 წუთი ხომ მაინც სჭირდება ამას? აი, ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე და როცა ყველაფერი ტყუილზეა აწყობილი, ლეგიტიმური უფლება აქვს ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაუჯეროს იმას, რა მხარეზეც არის ლოგიკა და სიმართლე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.