„ახლა გრძელი ენები რომ აქვთ და ბევრს ლაპარაკობენ სასამართლოზე, არავის დაგვავიწყდება ის, რომ მათ ჰყავთ გასამართლებული ადამიანი, ცოცხალი ადამიანის მკვლელობაზე“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„34-ჯერ დამიჭირეს და, სამწუხაროდ, არცერთი დაკავება ცემის, წამების და შეურაცხყოფის გარეშე არ დასრულებულა. სასამართლოებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ნებისმიერ ბრალდებაზე, რაც არ უნდა დაესახელებინათ სააკაშვილის ჯალათებს, სასამართლო ჩაქუჩს ურტყამდა. ამას სასამართლო არ ერქვა, ეს იყო ნოტარიუსი, რომელიც ყველაფერს ეთანხმებოდა და არაფერს ხდიდა საეჭვოს. მაგალითად, 34-ე დაკავების ოქმში მიწერია, რომ მე ქუჩაში მივდიოდი და გამვლელებს ვაყენებდი შეურაცხყოფას, რაზეც გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი თითქოს მომიწოდა - „ბატონო დაჩი, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას გამვლელ მოქალაქეებს“, თითქოს მე ვეუბნებოდი _ „არა, უნდა მივაყენო, უნდა ვაგინო გამვლელებს“, მერე თავს ვესხმოდი ამ პოლიციელებს. ამის დასადასტურებლად შემოიყვანდნენ ვიღაცას, რომელსაც ჰქონდა დაზიანებული პერანგი, რომ აი, თითქოს მე პოლიციელი დავაზიანე. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს წერია ჩემს დაკავების ოქმებში. ამ ყველაფერს ჩვენი ძვირფასი სასამართლო მიიღებდა ფაქტად, საეჭვოს არაფერს ხდიდა. ხშირად იყო, როდესაც დაკავების მომენტში, იქვე იყვნენ ჟურნალისტები და სრულად იყო გადაღებული დაკავების პროცესი. როცა მივიტანდით ამ მტკიცებულებას სასამართლოზე, მოსამართლეები უარს ამბობდნენ, ენახათ ის კადრები. ნაცემ-ნაგვემი რომ ვიყავი სასამართლოზე, სისხლის გუბეებს რომ ვაყენებდი, იქ ამბობდნენ, რომ ჩემი წინააღმდეგობის გაწევისას იძულებულნი იყვნენ, ძალა გამოეყენებინათ და სწორედ ამიტომ მქონდა ის დაზიანებები. მსგავს რაღაცეებს იზიარებდა სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო. ეს იყო მათი სახე და ეს იყო სტანდარტი.
ახლა გრძელი ენები რომ აქვთ და ბევრს ლაპარაკობენ სასამართლოზე, არავის დაგვავიწყდება ის, რომ მათ ჰყავთ გასამართლებული ადამიანი, ცოცხალი ადამიანის მკვლელობაზე. ეს იყო ბახუტოვის საქმე - ერთ-ერთი მწყემსი გაასამართლეს, იმიტომ რომ მასთან მყოფი მეორე მწყემსი რაღაც პერიოდი არ ჩანდა. სწორედ ამიტომ მათ ჩათვალეს, რომ ამ ბახუტოვმა მოკლა მისი მეგობარი მწყემსი. დაიჭირეს ეს მწყემსი, სასიკვდილოდ სცემეს, აღიარებინეს ე.წ. დანაშაული. შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, გვამი სად იყო. ბახუტოვს წამებით დააწერინეს, რომ გვამი მდინარეში გადააგდო. შემდეგ რომ ნახეს, მდინარე სამ კილომეტრში იყო იმ ადგილიდან, უთხრეს, რომ მარტო ამას ვერ იზამდა. სცემეს, აწამეს და დააწერინეს, რომ სამი კაცი ეხმარებოდა. ეს სამი სრულიად უდანაშაულო ადამიანიც დაიჭირეს. ორიოდე თვეში კი გამოჩნდა ვითომ მოკლული. მთაში იყო თურმე წასული. ის სამი ვითომ დამხმარე უკვე ცოცხალი მსხვერპლის გამოჩენის შემდეგ გაასამართლეს. აი, ეს იყო სტანდარტი, ამიტომ არ მიკვირს ჩემი საქმეების. ასეთი სასამართლო ჰქონდათ. რაც შეეხება ჩემს და ჩემი მეგობრების ცემას, წამებას, ყველას ერთი ბედი ჰქონდა. მე არ ვარ, სამწუხაროდ, გამონაკლისი. ყველა, ვინც უპირისპირდებოდა და გამოდიოდა სააკაშვილის წინააღდეგ, იყო განწირული წამებისთვის, ცემისთვის, ტერორისთვის, მისი ახლობლების დაშინებისთვის, მასზე ზეწოლის მოსახდენად. ისინი იყვნენ ჯალათები და ეს მათი ხელწერა იყო. იყო მუქარები, რომ დედას, მამას, ძმას დაიჭერდნენ. ამას ასრულებდნენ კიდევაც. ისე არ იყო, რომ მარტო იმუქრებოდნენ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ გაზეთ „ქართული აზრის“ მე-13 ნომერში.