„ქართული ოცნების" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატად დასახელებული არცერთი გვარი არ შეესაბამება სიმართლეს.
„მინისტრობის კანდიდატობაზე არცერთი გვარი სიმართლეს არ შეესაბამება და შემიძლია პრემიერ-მინისტრის სიტყვებით გიპასუხოთ. გუშინ იგივე ჰკითხეს და გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, კონსტიტუციის თანახმად, მე ერთი კვირა მაქვს გადაწყვეტილების მისღებად, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და გადაწყვეტილებას რომ მივიღებ, ის იქნება სიმართლეო. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზეა", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
თემურ ჭკუასელის თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე მხოლოდ ერთ საკითხზე მიდის მჯელობა, ეს არის მაჟორიტარი კანდიდატების შეჯერება-დასახელება და მასთან დაკავშირებული დეტალები.
„გუშინაც ეს საკითხი გავიარეთ. ამასთან, ვიმსჯელეთ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე. თბილისში, ორი საარჩევნო ოლქის გარდა, ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე შერჩეულია", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.