საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაზე მნისვნელოვანია ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაგრამ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. ბესელია დარწმუნებულია, რომ ასეთი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ამომრჩეველთა ყველაზე ფრთხილი, ყველაზე დაფიქრებული კატეგორია, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს აკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას სწორედ ამ ამომრჩევლის მხარდაჭერა ექნება. ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან გაზრდილია. საბოლოოდ, როცა გაანალიზდება რეალობა, როცა ამომრჩეველი დაინახავს, რომ ქვეყანა წინ მიდის, თუ გავჩერდით იქ, სადაც 2012 წელს ვიყავით, დარწმუნებულია ვარ, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მათი მხარდაჭერა მმართველ პოლიტიკურ ძალას ექნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, კარგია ტენდენცია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე წასვლას და ხმის მიცემას იმ პარტიებისთვის, რომლებსაც 2012 წლის არჩევნებზე მიანიჭა უპირატესობა.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვლევის თანახმად, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა არის დაახლოებით 60%, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც თავად კვლევის ავტორები ამბობს, კვლევის შედეგები სრულიად განსხვავებული იქნება იმ შედეგებთან, რაც არჩევნების დღეს მოხდება. შესაბამისად, ამ კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგებზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა, ტენდენციები მნიშვნელოვნია, რომ უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე წასვლას და უმრავლესობა ამბობს, რომ ვისაც 2012 წლის არჩევნებში მისცა ხმა, იმას მისცემს ხმას 2016 წელს", - აღნიშნა ბესელიამ.