„საარჩევნო ადმინისტრაცია დღესაც კი იღებს მილოცვებს პარტნიორებისგან სწორად და კარგად ორგანიზებული პროცესების გამო“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად განახორციელა არა მარტო კენჭისყრის დღის პროცესი, არამედ მისი მომზადების პროცესი და ეს ყველაფერი ასახულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში.
„საარჩევნო ადმინისტრაციას ევალებოდა კენჭისყრის პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ის ყოფილიყო ადგილობრივი კანონმდებლობის ჩარჩოში და მეორეს მხრივ ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, სწორედ ეს ამოვიკითხეთ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში. ვგულისხმობ არა მხოლოდ ეუთო/ოდირს, არამედ აშშ-ის საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს, ყველა იმ ქვეყნის საელჩოს, რომელიც აკვირდებოდა მეორე ტურის არჩევნებს. რა თქმა უნდა, ის ჩანაწერი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება და ჩატარება, გვაძლევდა იმის საფუძველს და გვაძლევს დღესაც, ვთქვათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მეორე ტურის ჩატარების პროცესს მაღალპროფესიულ დონეზე გაართვა თავი იმ უამრავ გამოწვევასთან ერთად, ვგულისხმობ მაღალ პოლარიზაციას, ასევე, აქ უნდა მოვიყვანოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც პანდემია ჰქვია, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არჩევნების ორგანიზებისას. სწორედ ამ ფაქტორების შეჯერებით, ის, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე, ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირებდა ყველა შესაძლო დარღვევაზე, რაც კი ხდებოდა კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ გამჭვირვალედ განახორციელა არა მარტო კენჭისყრის დღის პროცესი, არამედ მისი მომზადების პროცესი, ეს ყველაფერი ასახულია დასკვნებში და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია დღესაც კი იღებს მილოცვებს პარტნიორებისგან სწორად და კარგად ორგანიზებული პროცესების გამო“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.