logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
- +

7 ნოემბერი. 2021. 11:01

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსრგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი, ვინაიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხდება.

 

„პროგრამაში ჩადებული პირობებით, ჩვენ შესაძლებლობას ვაჩენთ, საძოვრებით ისარგებლონ მხოლოდ იმ ფერმერებმა, რომლებთაც ჰყავთ პირუტყვი, ეს არის ყველაზე მთავარი. რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრები დავიწყეთ, რათა დეტალურად განვიხილოთ პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის პირობები. პროგრამის ამოქმედების პროცესში მნიშვნელოვანია ჯერ იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება მოხდეს, რომლებიც იჯარით გაიცემა  და შემდეგ დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადები გააკეთონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ მხარის რწმუნებულთან და მერებთან შეხვედრაზე.

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულის განცხადებით, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან სწორი ადმინისტრირებით მოხდება საძოვრების რაციონალური გამოყენება იმ ფერმერების მიერ, ვინც მეცხოველეობით არის დაკავებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner