logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის ზრდის და საგადასახადო შემოსავლების კონსოლიდაციის კუთხით, ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონალურ ლიდერობას
- +

9 ნოემბერი. 2021. 02:10

 

 

„ეკონომიკის ზრდის და საგადასახადო შემოსავლების კონსოლიდაციის კუთხით, ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონალურ ლიდერობას“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ექსპერტი იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ამახვლებს ყურადღებას, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წელს აქვს და მომავალი წლების პროგნოზით ექნება.

 

“მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენის და რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის პოზიტიური დინამიკის ფონზე, როდესაც წლის პირველი სამი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო ათწლეულში სარეკორდო 11,3% შეადგინა, გადაიხედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ბიუჯეტის პარამეტრებიც. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში ნაცვლად 9,5%-ისა განისაზღვრა ორნიშნა 10,0%-ის ოდენობით. ამასთან, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაგვიუმჯობესა ყველა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ და სარეიტინგო სააგენტომ. მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და “იბიარდმა”.

 

ნიშანდობლივია, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.0%, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%- ი იქნება, რაც როგორც რეგიონალურ, ისე ევროპის დონეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 65,0 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა კიდევ ერთ ისტორიულ მაჩვენებლამდე – 83,0 მლრდ ლარამდე. გარდა ამისა, 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ ასევე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და გადასცდება 5500 აშშ დოლარს.

 

ბუნებრივია, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ნომინალურ გამოხატულებაში იგი 15 411.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 218.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია წინა კრიზისულ პერიოდამდე და შეადგენს რა 23,7%-ს იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც.

 

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 9,0%, ხოლო 2021 წელს 8,2% შეადგინა. 2022 წელს კაპიტალური ხარჯები ჯამში დაგეგმილია 5,6 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,6%-ს შეადგენს და ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან ერთად, ზრდის ხელშეწყობის ფაქტორიცაა.

 

ნიშანდობლივია, რომ 2020 კრიზისულ.პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ არის დეფიციტი -4.2%-ის ნიშნულამდე შემცირებული, 2022 წლის ბოლოსთვის, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კიდევ ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 60 პროცენტიდან, (პანდემიური ეკონომიკის მზარდი ხარჯების და შემცირებული შემოსავლების გამო) 52.8%-მდეა შემცირებული. გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი მოგეხსენებათ, ოპოზიციის მუდმივი კრიტიკის და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი იყო.

 

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრება 18 839,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც პირველად ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 395,7 მლნ ლარზე მეტით, და მოიცავს ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებას, იქნება ეს პენსიების ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება, საჯარო მოხელეების სახელფასო ანაზღაურება თუ ბიზნესის თანადაფინანსება.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდის და საგადასახადო შემოსავლების კონსოლიდაციის კუთხით, ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონალურ ლიდერობას, თან იმ პირობებში, როდესაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი პოლიტიკური რყევები და ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟირების დღის წესრიგი რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner