„სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი:
„ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს.
სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.