logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები
- +

13 ნოემბერი. 2021. 19:44

 

 

ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ:

 

„2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს.

 

სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა.

 

ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.

 

თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს. მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner