logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია
- +

15 ნოემბერი. 2021. 15:46

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სტრატეგიის მიხედვით, დედაქალაქის ერთ-ერთი საავტომობილო გზა - მტკვირის მარჯვენა სანაპირო ზოლი გადაიკეტა. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდის მიმდებარედ არიან.

 

პროტესტის ამ ფორმით, ოპოზიციური პარტია კიდევ ერთხელ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ისინი მსჯავრდებულის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.

 

პარტიის წევრები თავადაც ამბობენ, რომ მათი ეს ქმედება მოსახლეობას გადაადგილებაში შეუშლის ხელს, თუმცა, მათივე მტკიცებით, საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება.

 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები მსვლელობაზე არ ჩანან. საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიგი უგულავაა, რომელიც, რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლიურ პარტიას წინასარჩევნოდ დაუბრუნდა.

 

შსს-მ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. ძალოვანმა უწყებამ შეკრების ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ მათ ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ასევე, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა. შსს განმარტავს, რომ აქციაზე წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ეპიზოდს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner