აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს თავისი ინტერესებისა და ღირებულებების დაცვას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო სისტემა თავისუფალი, ღია და სამართლიანი იყოს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში ჩინეთის ქმედებების გამო.
რაც შეეხება ტაივანის საკითხს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ერთგული რჩება.