„2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 1 861 000 000 ლარია, საიდანაც 500 000 000 ლარი გათვალისწინებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით 900 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, თუმცა მინისტრის თქმით, ეს არ არის საკმარისი და პარლამენტში დამატებით შემოვა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში, იმისთვის, რომ შეუფერხებლად დაფინანსდეს ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯები.
„როდესაც წელს კოვიდჯანდაცვაზე მილიარდზე მეტი თანხაა საჭირო, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად საკმარისია მომდევნო წელს 500 000 000 ლარი. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი მომდევნო წელს, თუმცა 2 ძირითადი მიზეზია, რის გამოც, ამ მიმართულებით დანახარჯები უნდა შემცირდეს. პირველი - ეს არის ვაქცინების შესყიდვა, რაზეც წელს 150 000 000 ლარზე მეტი მიიმართა და შექმნილია შესაბამისი მარაგი, რომელიც საკმარისია მომდევნო წელს ვაქცინაციის პროცესისთვის, მეორე და უფრო მნიშვნელოვანია - იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, ვაქცინირებულია 1 100 000 ჩვენი მოქალაქე. გარდა ამისა, ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 800 000-მდე ჩვენს მოქალაქეს, თუმცა, სავარაუდოდ, გადატანილი კიდევ უფრო მეტს აქვს. შესაბამისად, წლის ბოლომდე, დამატებითი ვაქცინაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ იმუნური ფენა გადააჭარბებს მოსახლეობის 65%-ს. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს მომდევნო წელს ინფიცირებისა და, შესაბამისად, მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აქვე, მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს ვუსურვო ჯანმრთელობა და მოვუწოდო, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.