20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
„ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, იმ ქუჩებს, იმ რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს არის N421, N441, N443, N446 მიკროავტობუსების მარშრუტები. ესენია- მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელი დიღმის შიდა ქუჩების, ასევე, სოფელ თელოვანთან და დიდგორთან დამაკავშირებელი მარშრუტები. ასევე, როგორც გუშინ ვთქვი, ახლადრეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩებზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, მარშრუტები N454 და N494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულს N54 და N104 მარშრუტებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები. წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, ასევე, ამოქმედდება ინტეგრირებული ტარიფი, რომელიც მიკროავტობუსებზეც გავრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.
N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.
N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.
N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.
N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს - N54.
N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს - N104.