პრეზიდენტის თმით, მიხეილ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს, მისივე ქცევის მიუხედავად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება მიუღებელი იყო.
„პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად. რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრებს გავრცელება, რომელიც ამ ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის. და მეორე - ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ინფორმაცია მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან ყველა ხდება, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფოს სტაბილურობაზე.
„ასევე, ყველას გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და, ვფიქრობ, არის კიდევაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.