უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, სამშაბათს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ინფექციამ 838 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ქვეყნის დედაქალაქში, კიევში, კრემატორიუმი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
„დღეისთვის, ზაფხულის პერიოდთან შედარებით, კრემაციების რაოდენობა გაორმაგებულია“, - განაცხადა კიევის კრემატორიუმის წარმომადგენელმა ანდრეი იაშენკომ.
მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში თუ 60 მიცვალებულს იღებდნენ დღეში, ახლა ეს რიცხვი 100-დან 120-მდეა.
კორონავირუსის ბოლო ტალღა უკრაინისთვის მძიმედ მიმდინარეობს, ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა აცრის საჭიროებაში დაარწმუნოს. ამ დროისთვის უკრაინელების მხოლოდ მეხუთედია სრულად ვაქცინირებული, თუმცა ბოლო პერიოდში, გარდაცვალების შემთხვევების მატების გამო, ვაქცინაციის ცენტრებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.