ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის“ საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.
საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა.
„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია და რაც მთავარია, ასაქმებს 100-მდე ადგილობრივ მცხოვრებს. ვულოცავ ინვესტორებს, საქართველოს და ჩვენს სამინისტროს ამ წარმატებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.