logo_geo
eng_logo
ლახამულის უძველესი ოთხთავი, რესტავრაციის შემდეგ, სვანეთს დაუბრუნდა
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:27

 

 

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას დაუბრუნდა რესტავრირებული მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება - ლახმულდის ოთხთავი. სახარების სოფელ ლახამულის ხიდის წმინდა გიორგის ტაძარში მიბრძანებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის რესტავრაციის განყოფილების უფროსი თამილა აფაქიძე, სვანეთის თვალსაჩინო წარმომადგენლები სხვადასხვა სოფლიდან და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძესა და კაპიტონ ჟორჟოლიანს, რომელთა უშუალო მონაწილეობით გაიმართა 2019-2020 წლებში მოლაპარაკებები ადგილობრივ თემთან და მიღწეულ იქნა წარმატება. სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად 2020 წლის მაისიდან ლახამულის ოთხთავს 18 თვის განმავლობაში რესტავრაცია უტარდებოდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ თემს ნდობისათვის და ეროვნული არქივის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის.

 

ჩვენ, დღეს, ლახამულიდან ვულოცავთ ყველას გიორგობის დღესასწაულს. დღეს სახელმწიფო აბრუნებს ლახამულის თემში საუკუნოვან სახარებას, რომელსაც ეს ხეობა საუკუნეების მანძილზე არ დაუტოვებია და სწორედ აქაურების ძალისხმევით იქნა შემონახული, თუმცა მას სჭირდებოდა რესტავრაცია. ათეული წლების მანძილზე არსებობდა დიდი უნდობლობა თემსა და სახელმწიფოს სხვადასხვა პოლიტიკურ ხელისუფლებებს შორის და ეს უნდობლობა დაიძლია 2020 წლის მაისში, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ შევძელით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით, ლახამულის თემთან ხელი მოგვეწერა აქტისათვის. ჩვენ მათ დავპირდით, რომ 18 თვის განმავლობაში ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდებოდა ეროვნულ არქივში და შემდეგ მას დავაბრუნებდით ხეობაში. დღეს სახარება ჩამობრძანდა ლახამულაში რესტავრირებული სახით და წმინდა გიორგის ეკლესიაში კვლავ დაიდო ბინა. დიდი მადლობა ნდობისთვის ყველას - აქაურ მაცხოვრებლებს, უხუცესებს. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ლახამულის თემის მაგალითს აპირებენ მისდიონ სხვა სვანურმა სოფლებმაც და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი სოფლის ტაძარში დასვენებულმა მე-11 საუკუნის სახარებამაც გაიაროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია და შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს სვანეთს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

 

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 26 მაისს მოხდა ლახამულის ოთხთავის თბილისში ტრანსპორტირება და ამის შემდეგ უნიკალური ხელნაწერი რესტავრაციისთვის ეროვნულ არქივში 18 თვის განმავლობაში იყო მოთავსებული. ლახამულის ოთხთავის სარესტავრაციოდ საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის თანამშრომლებმა იმუშავეს. როგორც ტაძარში სახარების მიბრძანებისას აღინიშნა, რესტავრირდა სახარების ეტრატის ფურცლები, რომლებზეც დატანილია სხვადასხვა შინაარსის 22 მინაწერი. ფურცლები დარბილდა, მათ მოშორდა მიწის ნაწილაკები და სანთლის ნაღვენთები, აიკინძა ძველი წესით და მოთავსდა ტყავის ყდაში. ამასთან, რესტავრაციისას სახარების ძველი ჭედური ყდის ქვეშ აღმოჩნდა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც სახარებასთან და ძველ ჭედურ ყდასთან ერთად დაბრუნდა ლახამულაში.

 

ლახამულის ოთხთავი უმნიშვნელოვანესი და უძველესი წერილობითი ძეგლია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ხელნაწერს ახლავს მე-15 და მე-18 საუკუნეებით დათარიღებული 22-მდე სხვადასხვა შინაარსის მინაწერი, რომლებიც ნუსხური და მხედრული დამწერლობითაა შესრულებული. მინაწერები ასახავენ ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და რელიგიურ ცხოვრებას, ასევე ცნობებს გვაწვდიან აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner