ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს პოეტი დათო მაღრაძე აფასებს.
- სანამ სხვა თემებზე ვისაუბრებდე, პანდემიაზეც უნდა ვთქვა, რომელიც ახალ აქტიურ ფაზაში გადავიდა, სიკვდილიანობის მხრივ მეექვსე ადგილზე ვართ, ყოველდღიურად 70 კაცზე მეტი მიდის ამ ქვეყნიდან. შემზარავია, რომ ეს ტრაგედიად კი არა, სტატისტიკად აღიქმება. საზოგადოების ნაწილი, პრესა, ტელევიზია ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზეა კონცენტრირებული. არადა, თუ ადამიანური ღირებულებები შეგვრჩენია, რა მნიშვნელობა აქვს, დამლაგებლად მუშაობდა ადამიანი თუ პრეზიდენტად? თუ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ასეთი დეფინიცია მიუღებელია.
ოპოზიციამ არჩევნები წააგო და ისტერიკა აქვს, რაც გამოწვეულია პოლიტიკური კრახით. ერთმანეთი გააგიჟეს და დააჯერეს, ბაცილად გადასდეს, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. ისტერიკის გარდა, სხვა გამოსავალი არ დაიტოვეს და შემდეგ ყველაფერი ისეთ ტრაგედიად აქციეს, რომ პოლიტიკური მარცხის გამო კაცმა შიმშილობა გამოაცხადა.
შემირცხვენია კაცი, რომელსაც ისე უნდა თანამდებობა, რომ შიმშილობს. თუმცა ვნახეთ, როგორ შიმშილობს. ვიცოდით, რომ ჭამა არ იცოდა, მაგრამ მთელმა ქვეყანამ ნახა, შიმშილობაც არ სცოდნია.
იმდენად დიდი ფარსის შემოქმედები არიან, სულ მართლებიც რომ იყვნენ, მაინც არ დაუჯერებენ. ამიტომაც ცდილობენ, პროცესები არეულობაში გადაიყვანონ. აგერ სააკაშვილი ჯერ გორში წესიერად გადაყვანილიც არ იყო, რომ დაიწყეს ყვირილი, გაათავისუფლეთო... ვინც არჩევნებით ვერ იგებს, არეულობის მოწყობას ცდილობს. ამაში მათი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესი ემთხვევა - რუსეთსაც ერთი სული აქვს საქართველოში სისხლი დაიღვაროს.
- ხელისუფლებამ გაჯიუტებით საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებას ხომ არ შეუწყო ხელი?
- ვერ დაგეთანხმებით, ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურია. გადაიყვანეს უკრაინის მოქალაქე გორში, რაც სიმბოლურია, რადგან გორში წამოწოლა მისი ტრადიციაა. მათ არევა სურდათ, ამ დროს ფასეულობების არევაც ხდება - ზოგს პოეტი ჰქვია, ზოგს პოლიტიკოსი, ზოგსაც გმირი, მაგრამ დრო ყველაფერს ალაგებს...
ბოლო ხანებში საგარეო ვექტორი, ჩრდილოეთისკენ კი არა, დამოუკიდებლობისკენ გადაიხარა. სახელმწიფომ გამოაცხადა საფუძვლიანი ამბიცია, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ისეთ საკითხებს, როგორსაც სუვერენული ქვეყანა გარე სახელმწიფოების ჩარევის გარეშე უნდა წყვეტდეს, გადაწყვეტს კიდეც... რაც შეეხება ფსევდომედასავლეთეებს, მათ ევროპა ევროკავშირის ბიუროკრატიასა და რამდენიმე ევროპარლამენტართან აქვთ გაიგივებული.
არადა, ევროპა ანტიკური კულტურისა და ქრისტიანობის ჰარმონიაა, რომელშიც შეიქმნა ევროპული აღორძინება, კაცობრიობის საგანძური. მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი, გენიალური იაპონელი მწერალი აკუტაგავა ამბობს, ბოდლერის ერთ სტრიქონად არ ღირს სამყაროო. ასეთია ევროპის განცდა მსოფლიო დონეზე. ჩვენი პოლიტიკოსების მიერ დანახული ევროპა კი იმ სამყაროს უსუსური აღქმაა და ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რამდენიმე ევროპარლამენტარი ვერ დაიტევს ევროპას...
რაც შეეხება „ოცნების“ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ბოლო დროს ადეკვატურია, რადგან ხალხი იმიტომ ირჩევს ხელისუფლებას, მან უნდა უზრუნველყოს ხალხის უსაფრთხოება და დაიცვას პარლამენტის შტურმისგან, სახელმწიფოს რყევებისგან. კანონი უნდა კანონობდეს და არა შერჩევითი სამართალი.
„ოცნებას“ თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ ახლა ძალზე მკაფიოდ გამოჩნდა ის, რაც მას წინა ხელისუფლებისგან განასხვავებს - სააკაშვილის გუნდის რეჟიმი რეპრესიული იყო, „ოცნების“ - არა. თუმცა მისი ცოდვა ისიც არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე აწუხებდა იმ ადამიანების მორალური უპირატესობა, რომლებიც სააკაშვილის რეპრესიულ რეჟიმს ებრძოდნენ. სააკაშვილის რეჟიმის პირისპირ ჩვენი იარაღი სწორედ მორალური უპირატესობაა, რაც მაშინდელ ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა. „ოცნებას“ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა რომ არ ეგრძნო, თავი გაითავისუფლა...
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ არ სურდა მათი აზრის გათვალისწინება. „ოცნებამ“ მათი უპირატესობა არ აღიარა, რადგან მათი აზრის გათვალისწინება შემდეგშიც მოუწევდა... თუმცა მათ ბოლო ნაბიჯებს მაინც ადეკვატურს ვუწოდებ, მაინც მოუწევთ დამტკიცება, რომ მხოლოდ სახელისუფლებო კი არა, მორალური კონფლიქტიც აქვთ „ნაცმოძრაობასთან“. მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც სამართლიანობის აღდგენა მოისაკლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ისინი, ვინც მაშინდელ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ, ახლა თავიანთ სიმხდალეს ვერ პატიობენ საზოგადოებას და ისტორიის გადაწერა სურთ, რათა თავიანთი სიმხდალე სახელმწიფოებრივ აზროვნებად გაასაღონ. ახლა, როდესაც რეპრესიული რეჟიმი აღარ არის, სიმამაცის გამოვლენა სურთ. არადა, ახლა პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვას არავინ ზღუდავს.
როდესაც საზოგადოებაში არსებულ პოლარიზებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებული ნიშანდობლივი განსხვავება: „ოცნების“ ამომრჩეველს არ ჰყავს გამეტებული „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი, რადგან არარეპრესიულ ხელისუფლებას, მშვიდი და სტაბილური თანაცხოვრების იდეას უჭერს მხარს. „ნაციონალების“ მხარდამჭერს თანამოქალაქეები გამეტებული ჰყავს, ვინაიდან რეპრესიულ რეჟიმს, აგრესიულ რევანშს უჭერს მხარს. როგორი ჰუმანური აქტითაც უნდა შეფუთონ თავიანთი პოზიცია, მიშაზე ზრუნვასა და ვითომ „დიდ შერიგებას“ ვგულისხმობ, მაინც გამეტებული ჰყავთ საპირისპირო აზრის მქონენი. ეს არის მათ შორის საბედისწერო განსხვავება.
„ოცნების“ ცოდვაა, სანდრო გირგვლიანის სასამართლოსთან ასოცირებულ მოსამართლეზე რომ დააყენა ახალი ქართული მართლმსაჯულების აშენება.
- მუდმივი პოლიტიკური დუღილის, ზოგჯერ პოლიტიკოსების უტაქტო განცხადებებისა და სხვა პროცესების ფონზე, ხომ არ მცირდება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრების შანსი?
- იქ გაწევრება მხოლოდ ჩვენზე კი არა, გარე ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული. ძალიან მახარებს, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა ევროპისკენ ისწრაფვის. ვფიქრობ, ვიღაცების მიზანმიმართული ან გაუაზრებელი მცდელობის მიუხედავად, ეს სწრაფვა უფრო გაღრმავდება. ახლა საქართველოს გადარჩენა არის დასავლეთში, ამერიკასა და ნატოში.
ახლა ოპოზიციაში ვიღაცები პროცესებს ისე ფუთავენ, ვითომ ღირებულებებით თავად უფრო ახლოს არიან დასავლეთთან, დიდ შერიგებაზე ლაპარაკობენ, რაც უნიჭო პათეტიკა და ლირიკაა. საზოგადოების შერიგებას, ვინ ვის მიესალმება ან უგულშემატკივრებს, არც ხელისუფლებას ჰკითხავს ვინმე და არც ოპოზიციას. მთავარია, განსხვავებულ შეხედულებებში ზომიერება იყოს, ადამიანებმა ღირსება არ დაკარგონ.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საზოგადოებაში არსებულმა პოლარიზებამ გვერდი ვერ აუარა სასულიერო პირებსაც, რომელთაც მეტი დათმენა და ზომიერება მართებთ. ჩემთვის გამაოგნებელი იყო პოლიტიკურად აღგზნებული სასულიერო პირების პოზიცია. ჩვენი პატრიარქის თაობა შეესწრო საბჭოთა რეპრესიებს, როდესაც ეკლესიებს ანგრევდნენ, მღვდლებს პარსავდნენ, აციმბირებდნენ და ხვრეტდნენ. ამიტომ ძალიან დიდი იყო წადილი, გაუქმებულ სამრეკლოებში ზარი ჩამოეკრათ, ეკლესიის დახავსებულ კედლებში მედავითნეს ფსალმუნი წაეკითხა, ეგალობათ და საეკლესიო რიტუალები აღსრულებულიყო. ამას მხოლოდ უმაღლესი სულიერებისა და ინტელექტუალური რესურსის მქონე სასულიერო პირები თუ შეასრულებდნენ და ამ თამასის დაკავება შეუძლებელი იყო. ამიტომაც იმ კონტინგენტს დაეყრდნენ, ვისთან ურთიერთობის საშუალებაც ჰქონდათ. პატრიარქის დამსახურებით, ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა აღასრულეს. ის ეპოქა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ახლა მეორე ტენდენცია უნდა დაიწყოს, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კერპთაყვანისმცემლობაში არიან. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ქრისტე ღმერთს იესო ერქვა და არა მიშა, მთავარანგელოზებს - მიქაელი და გაბრიელი, და არა ვანო და ზურა. ჭეშმარიტება რაოდენობაში არ არის. ქრისტეს თორმეტი მოციქული ჰყავდა, მათ მიანდო ქრისტიანობა და დღემდე ამ მასშტაბით მოიტანეს ეს რელიგია კაცობრიობამდე. ღვთის წყალობით, ინტელექტუალი სასულიერო პირებიც გვყავს.
ასე რომ, პრობლემა და საფრთხე ბევრი მიმართულებით იკვეთება. დანის პირზე დავდივართ და ისევ მივდივართ იმ საფრთხემდე, რომელიც ჩრდილოელი მეზობლისგან გვემუქრება. ის კი არ აკვირდება, მონაწილეობს ამ პროცესებში. არ ვიცი, ვის რა დავალება აქვს, მაგრამ განზრახვა ხომ ვიცით - აქ არეულობა, დაქსაქსულობა, რყევები ხელს აძლევთ. ამიტომ ახლა ხელისუფლებას სიბრძნე და სიმტკიცე მართებს. ვალდებულია, მშვიდი თანაცხოვრების ასპარეზი შექმნას და ვინ ვისთან ვიმეგობრებთ, თავად განვსაზღვრავთ. საერთოდ, კი პოლიტიკური პოლარიზების წამალი კანონის აღსრულებაა. ხელისუფლება ვალდებულია კანონის ფარგლებში იმოქმედოს. თორემ პოლიტიკურ ავანსცენაზე ის საზოგადოებაც გამოვა, ვინც ახლა არ ჩანს, მაგრამ „ოცნებას“ იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისი მხარდამჭერია, „ნაციონალების“ რევანში აარიდა ქვეყანას. ისინი უკვე ქუჩიდან შეეცდებიან რევანშის აღკვეთას. მათი გამოსვლა რადიკალურ ოპოზიციას კი არა, მთლიანად საქართველოს დააზიანებს.
- თუმცა, როდესაც მას სჭირდება, მშვენივრად ახერხებს სათავისოდ ინტერპრეტაციას და ამის მაგალითი იყო საარჩევნო რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩავარდნა... არ მიგაჩნიათ, რომ მშვიდი თანაცხოვრების ასპარეზის შექმნის პროცესი კი არა, ნერვების ომია?
- მე არა ვარ მომხრე, ხელისუფლება კანონს არ იცავდეს და რამდენჯერაც არ დაიცავს, ყოველთვის გავაკრიტიკებ. რადგან როდესაც ხელისუფლება არ იცავს კანონს, იმავეს აკეთებს მოქალაქეც, რომელიც თავისი დაწერილი სამართლით მოდის და მის ქმედებაში სიმართლის მარცვალი არის.
მე ვიზიარებ ამ გუნდის განაცხადს, ჩვენ მათ ისე მოვექცევით, როგორც ქართული კულტურა იმსახურებს და არა ისე, როგორც თავად იმსახურებენო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში პატიმრის უფლებებზე ლაპარაკის მორალური უფლებაც არა აქვთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვალდებულია, ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს, ნებისმიერი პირობა შეუქმნას, რათა მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოს. ჩემთვისაც მიუღებელი იყო იმ ჩანაწერის ხილვა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, რადგან დამეკარგა იმის განცდა, რომ კულტურულ სახელმწიფოში ვცხოვრობ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ცილისწამების ნიაღვარი იყო, თითქოს სააკაშვილი ციხეში აწამეს და დაასახიჩრეს. ამიტომ ხელისუფლება გარკვეულწილად იძულებულიც გახდა, ეს ჩანაწერი გაევრცელებინა, რათა ცილისწამება გაენეიტრალებინა. თუმცა, მაინც მიუღებელი იყო მისი გავრცელება.
ლალი პაპასკირი