logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისია: ჩვენი თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის
- +

26 ნოემბერი. 2021. 22:34

 

 

კომუნიკაციების კომისია, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე,  რომელსაც არხის მხრიდან პოლიტიზირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოჰყვა, განცხადებას ავრცელებს. 

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოსდა კომისია „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია „მთავარი არხის“ წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების  პროფესიულ საქმიანობაში  ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონით, აკრძალულია არასათანადო ზემოქმედება, არასამართლებრივი ჩარევა, ან სხვა სახის ზემოქმედება  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა განიმარტება, როგორც ზემოქმედება,  ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე   იმ მიზნით, რომ პირმა სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა  მიიღოს. „მთავარი არხის“ წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები შეიცავს კანონით აკრძალული არასათანადო ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

 

კომუნიკაციების კომისიის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“  პასუხისმგებლობა დაეკისრა, სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 

 

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღებით დააკვირდნენ აღნიშნულ პროცესს. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ღია და ხელმისაწვდომია, თუმცა, კომისია მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს დამატებით მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სტანდარტებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  არ დატოვონ ყურადღების მიღმა ის მასობრივი  მუქარის და ბულინგის მცდელობის ფაქტები, რომელსაც „მთავარი არხის“ მენეჯმენტი დამოუკიდებელი რეგულატორის და მისი თანამშრომლების მისამართით ეწევა.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამა განთავსდა კანონმდებლობის დარღვევით იმ პერიოდში, როდესაც მაუწყებელს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების  უფლება არ ჰქონდა.  მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად ადგენს მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროსა და პირობებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 761 მუხლის 21-ე პუნქტები ზუსტად განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდის დროის რომელ შუალედში არის დასაშვები პოლიტიკური რეკლამის განთავსება. აღნიშნულის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ წინაასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე  და დასრულდეს  კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში - მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან  და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე  8 საათით ადრე.  აღნიშნული ჩანაწერი, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ადგენს, როდის და რამდენი დღით შეიძლება მაუწყებელმა ეთერში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს.

 

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში განათავსა. აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ ანალოგიური დარღვევა  უკვე მეოთხედ ჩაიდინა, ხოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში ორჯერ.  სწორედ ამიტომ, კანონის თანახმად, მაუწყებელს  ჯარიმის სახით მისი წლიური შემოსავლის  1% დაეკისრა.

 

პოლიტიკური რეკლამის განმარტებისას კომისია ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

 

საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირლანდია სადაც სრულად აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა. ირლანდიის მედიის მარეგულირებელმა (BAI)  2016 წელს განიხილა BAI-მ Irish Wind Energy Association (IWEA)-ის რეკლამა და მიიჩნია, რომ ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, რეკლამა შეეხებოდა ქარის ენერგიის დადებით მხარეებს და მისი უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობას ირლანდიის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

 

მარეგულირებელმა - BAI-მ მიუთითა, რომ ვიდეორგოლი მიზნად ისახავდა ირლანდიაში არსებული ენერგო-პოლიტიკის კრიტიკას, რეკლამის განთავსება ხდებოდა საერთო არჩევნებამდე „მოსამზადებელ“ პერიოდში და მიუხედავად იმისა რომ ქარის ენერგია და გადამუშავებული ენერგია (განახლებადი) კომერციული საკითხებია, არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული საკითხები საჯარო განხილვის საგანი იყო და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

 

ევროპის მასშტაბით არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა, მათ შორის არაპოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის გავრცელება აკრძალა. მათ შორის, არსებობს ისეთებიც, რომლებმაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს კონტროლი გაიარა.

 

სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული მიზნების მიღწევას ემსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და მისი განმარტება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში იკრძალება, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში - ექვემდებარება სათანადო რეგულირებას, რომელიც აბალანსებს ძლიერი ჯგუფების მხრიდან ნეგატიურ გავლენას, იცავს თავისუფალ პლურალისტურ დებატს და აღკვეთს საზოგადოების პოლარიზებას. 

 

და ბოლოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით სრულად არის დაცული, კომუნიკაციების კომისია როგორც ქვეყანაში მედიის  დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო იყო და იქნება სიტყვის თავისუფლების გარანტი და ვერც ერთი პოლიტიზირებული  და დაუსაბუთებელი განცხადება, ბრალდება,  მუქარა ამ ფაქტს ვერ შეცვლის.  სწორედ სახელმწიფო ლიბერალური მედიაპოლიტიკის შედეგად  გახდა თავად „მთავარი არხი“ 5 დღეში  ეროვნული მაუწყებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner