გიორგი ვოლსკი საქართველოს შესახებ ნატოს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ამ განცხადებების უკან არსებობს მოლაპარაკებები, მათ შორის დახურულ კარს მიღმა, მათ შორის ისეთი შეთანხმება, რომელიც შემდგომ მსოფლიოს ყოველდღიურობაში გარკვეულ მიმართულებებს აყალიბებს. ალიანსის ქვეყნების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამიტები იქნება ეს, მინისტერიალები თუ სხვა ფორმატები, ამის უკან დევს კონკრეტული ქმედებები - ეკონომიკური ხასიათის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და, რაც მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები კონკრეტულ სტრატეგიას აყალიბებენ, მსოფლიოში კი რთული ვითარებაა.
„ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.