„იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„საგნობრივი საუბარი თუ არ გაიმართა და თემატიკის ირგვლივ დისკუსია არ დაიწყო, ეს ოპოზიციას არსად მიიყვანს და რეალურად, ეს არის სახიფათო ქვეყნისთვისაც. ხელისუფლების მიდგომა ორიენტირებულია და მიდრეკილია საიმისოდ, რომ დესტრუქციულად განწყობილ ოპოზიციურ ძალას პრობლემები არ შეაქმნევინოს და ეს არის სწორი ნაბიჯი. ოპოზიცია შემხვედრ ნაბიჯს თუ გადმოდგამს იმ მიმართულებით, რომ ჩვენი მსჯელობა და კამათი თემატურ და საგნობრივ დისკუსიაში გადაიზარდოს, რასაკვირველია, ეს იქნება მხოლოდ ქვეყნის წარმატების საწინდარი. გულწრფელად გითხრათ, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში გარკვეული მოლოდინი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვი, იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს ალბათ, გარდაუვალი იქნება. სამწუხაროდ, ეს ასეა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.