მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში დაესწრება.
პროცესს, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული, სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს.
დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.