პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის „ქართული ოცნების" კანდიდატების წარგნენისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა და ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, თუმცა აღნიშნა, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო მოპოვებული მშვიდობის შესანარჩუნებლად. კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის გამთლიანება აფხაზ და ოს მეგობრებთან შერიგებით იწყება და ეს მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის უნდა გაკეთდეს.
„როდესაც „ქართული ოცნება" პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება. ჩვენ ეს მოვახერხეთ, თუმცა, საფრთხე არ გამქრალა. დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს, არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე, არ გვაქვს უფლება, ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები.
ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასდროს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის. ჩვენი საბოლოო გამარჯვება საქართველოს გამთლიანების გარეშე არ არსებობს. ქვეყნის გამთლიანება კი აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება. ჩვენ მომავლის სახელით უნდა ვძლიოთ წარსულს და ეს ჩვენი საერთო მომავლისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.