აშშ-ის სახელწმიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შეერთებული შტატები სიტუაციას ყურადღებით აანალიზებს. ამის შესახებ დიპლომატმა ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, შესაძლო გადატრიალების მცდელობის შესახებ, ბლინკენმა თქვა, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა, რუსეთის ტაქტიკის ნაწილია.
„რუსეთის მოქმედების სახელმძღვანელო არაერთხელ გვინახავს. და ამ სახელმძღვანელოს ნაწილი არის ეგრეთ წოდებული პროვოკაციის შექმნის მცდელობა, როგორც საბაბი იმისა, რის გაკეთებასაც რუსეთი მუდმივად გეგმავდა. არ ვიცი, ჯდება თუ არა ეს სიტუაცია მსგავს სახელმძღვანელოში, მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ მოძრაობებით, რაც ვნახეთ უკრაინის საზღვრებთან.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ხშირად აერთიანებს თავის ძალისხმევას ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის. ეს არის მათი სახელმძღვანელოს ნაწილი“, - განაცხადა ბლინკენმა.
დიპლომატმა ასევე თქვა, რომ საკითხზე დაწვრილებით კომენტარს ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს.
„ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას, სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 26 ნოემბერს დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალებაა დაგეგმილი.