როცა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერს თამაზ მეჭიაურს დავურეკე და ინტერვიუს ჩაწერის მიზნით შეხვედრა ვთხოვე, აღმოჩნდა, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. შესაბამისად, ჩვენი საგაზეთო საუბარი, რომელიც ტელეფონის საშუალებით შედგა, ასეთი შეკითხვით დავიწყე:
- ბატონო თამაზ, ნაც-ლიბერასტები ისედაც რუსეთუმეს გეძახიან და კიდევ მოსკოვში წახვედით?
- დიახ, მოსკოვში ვიმყოფები და „კრემლის აგენტობით" ვარ დაკავებული! (იცინის).
აბა, სად უნდა ჩავიდე, თუ არა მოსკოვში?! მითხარით, ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები სხვაგან სად წყდება?! ჩვენი ლიბერასტები რას ფუთფუთებენ და რა სისულელეებს გაიძახიან, ეს საერთოდ არ მაინტერესებს!
- ე.ი. მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ბედი მოსკოვში წყდება?
- ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის მთავარი საკითხები მოსკოვის გარეშე არ წყდება და ვერც გადაწყდება!
- მაშინ გვითხარით, კონკრეტულად რა მიზნით ეწვიეთ რუსეთის დედაქალაქს?
- მოსკოვში კოლეგების - დუმის დეპუტატების მოწვევით ჩამოვედით. ისინი ცოტა ხნის წინათ, ეუთო-ს ფორმატით, საქართველოში იმყოფებოდნენ და თბილისშიც გვქონდა შეხვედრები, კონსულტაციები.
მიუხედავად იმისა, რომ ახლად შექმნილი პარტია ვართ, ეტყობა, რუსმა კოლეგებმა ჩვენში ის ძალა დაინახეს, რომელთანაც მომავალში თანამშრომლობა მოუწევთ.
დიახ, დარწმუნებული არიან, რომ ახალ პარლამენტში სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე, აინტერესებთ ჩვენი ხედვები, როგორ წარმოგვიდგენია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.
რუს კოლეგებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანია საქართველოს გაერთიანება და დაკარგული კუთხეების დაბრუნება. ისიც კარგად გვესმის, რომ ამ საკითხის მოგვარება კრემლის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტს რუსეთი აკონტროლებს.
- აკონტროლებს თუ ოკუპირებული აქვს?
- კი ბატონო, სიტყვა „ოკუპაციას" გამოვიყენებ, რათა ვიღაც-ვიღაცებს სპეკულაციის საშუალება არ მივცე, თუმცა, „ოკუპანტ-ოკუპანტის" ძახილს რომ სიკეთე არ მოაქვს, კარგად ვხედავთ!
კარგად გვესმის, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩვენი პრობლემები ვერ გადაწყდება. ერთი მხრივ, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას თუ მოვითხოვთ, მეორე მხრივ კი, NATO-ში შესვლაზე ვიფიქრებთ, არაფერი გამოვა. რუსეთს NATO-სკენ ჩვენი სწრაფვით ვერ შევაშინებთ, რადგან მას არც NATO-სი ეშინია და არც - ამერიკის!
მოკლედ, NATO-ზე ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე კი არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა იყოს განლაგებული.
- რუსეთმა შემხვედრი ნაბიჯები არ უნდა გადმოდგას?
- რა თქმა უნდა, რუსეთმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს! გარდა ამისა, უნდა შეწყდეს ე.წ. მავთულხლართების პოლიტიკა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოფა შემსუბუქდეს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარ ნაკვეთებზე მოყვანილი მოსავალი მაინც უპრობლემოდ აიღონ.
თუმცა, ერთიცაა - შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების გატაცება სულ სხვა პროვოკაციული ძალების მიერ იყო ინსპირირებული, რათა ყველაფერი რუსულ მხარეს დაბრალდეს და ქართულ-რუსული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს!
აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეც ობიექტურად უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავე დაისაჯოს. კიდევ ბევრი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და წაახალისებს ჩვენს სვლას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ.
- სხვათაშორის, თქვენი მოსკოვში ყოფნის პერიოდს დაემთხვა ის ფაქტი, რომ რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა რუსული ბაზრიდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლების გაძევება მოითხოვა, იმის გამო, რომ საქართველო ყირიმთან და სევასტოპოლთან დაკავშირებით ევროპის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა რუსეთიდან ქართული პროდუქციის ემბარგო?
- საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროპის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა, თავიდანვე არასწორი და არაფრის მომტანი იყო. ამ სანქციებით რუსეთს არაფერი უშავდება, საპასუხო სანქციები კი საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება!
მე გავმართე მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის ერთ-ერთ თვალსაჩინო წევრთან, ბატონ იგორ მოროზოვთან და ვთხოვე, საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელი სანქციების საკითხში გარკვეულიყო. იგი ოპერატიულად დაუკავშირდა რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ალექსეი პუშკოვს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
მათ ოპერატიულად იმოქმედებს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა, ქართული პროდუქციისთვის ემბარგოს დადება ვიღაცებს ქართულ-რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაუარესებლად გამოეყენებინათ.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლების ქმედებას გმობს, მაინც გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ქვეყანას საპასუხო სანქციები არ დაუწესონ!
- ე.ი. ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დარჩება?
- დიახ, ამ ეტაპზე ასეა!
- თვლით, რომ ეს გარკვეულწილად თქვენი დამსახურებაც არის?
- მე, უბრალოდ, ჩემი პოზიცია გავუზიარე რუს კოლეგებს და ვთხოვე, საქართველოს მიმართ სანქციები არ გამოეყენებინათ. ჩემს ადგილზე ნებისმიერი პატრიოტი ქართველი პოლიტიკოსი ასე მოიქცეოდა.
ჩვენს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვა ჩვენი მარაგების გაუფასურებას გამოიწვევს და ყურძენზე მოთხოვნას შეამცირებს, რაც ჩვენი მევენახეობისა და გლეხების პირად ბიუჯეტზე, მათი ცხოვრების დონეზე მძიმედ აისახება.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა ვისწავლოთ და საქართველოს ხელისუფლება არ უნდა იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ ამერიკასა და დასავლეთს ნებისმიერ ფასად ასიამოვნოს!
- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, რუსი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი საქართველოს ახალ პარლამენტში მოხვდება. თქვენ თვითონ თუ ხართ ამაში დარწმუნებული?
- რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მოვხვდებით და თანაც, საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობით, თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ „ქართული ოცნება" „ნაცმოძრაობის" წესებით თამაშობს!
- რას გულისხმობთ?
- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება არ ეძლევათ, ქართულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რაც მათი უფლებების უხეში დარღვევაა, და ამასთანავე, არჩევნების შედეგების გაყალბებას ნიშნავს.
თუ ხელისუფლება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზეც არ გახსნის საარჩევნო უბნებს რუსეთის ტერიტორიაზე და უამრავ ქართველს არჩევანის საშუალებას მოუსპობს, ეს არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებს, მე და ჩემი გუნდი ახალ პარლამენტში იმდენად მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით შევალთ, რომ ჩვენს გარეშე პარლამენტი ვერანაირ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!
- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ თქვენი ოპოზიციონერობა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის „ვიზირებული", თქვენი პარტია კი „ქართული ოცნების" სატელიტია. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემი პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები მქონდა. იგი თავიდან ნეგატიურად უყურებდა ამ ამბავს, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ ჩემს პოზიციაში სრულიად გულწრფელი ვარ, გაგებით შეხედა ოპოზიციაში ჩემს გადასვლას.
ბიძინა დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მოქალაქე და დიდი პატრიოტია. იგი, საბოლოო ჯამში, დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ და მადლობასაც გადაგვიხდის იმის გამო, რომ ქვეყნის არასწორი კურსით სვლას ხელი შევუშალეთ.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ტერიტორილ გამთლიანებას!
- ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიასაც აცხადებთ?
- „ქართულმა ოცნებამ" სახელისუფლო რესურსი როგორც უნდა გამოიყენოს, იმდენ მანდატს მაინც ვერ მიიღებს, რომ პარლამენტი და მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს.
„ოცნება" იძულებული გახდება, პარლამენტში ეროვნულ ძალასთან შექმნას კოალიცია და ეს ძალა ჩვენ ვიქნებით!
ამის შემდეგ ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული!
აი, სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, ხელისუფლებაში მოვალთ-მეთქი!
- და მაინც, თქვენი პროგნოზი როგორია - არჩევნებში ვინ რა შედეგს აჩვენებს?
- თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, პირველ-მეორე ადგილებს ჩვენ და „ქართული ოცნება" დავიკავებთ!
- ხმამაღალ განაცხადს აკეთებთ. თქვენ პირველ ადგილზე გახვალთ და „ოცნება" მეორეზე თუ პირიქით?
- მიმდევრობას ვერ გეტყვით, მაგრამ პირველი-მეორე ადგილები ჩვენი და „ოცნების" იქნება!
მოკლედ, კოალიციური მთავრობა შეიქმნება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებს, რადგან „ოცნება" ხელისუფლების ერთპიროვნულად დაკომპლექტებას ვერ შეძლებს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა