„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2020-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო. მათ შორის დასრულებული და მიმდინარე საქმეების, სააგენტოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების - განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული შედეგები“, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
„მოკვლევის მიმართულებით დავასრულეთ 6 საქმე, მათ შორის 4 არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, საიდანაც 3-ში დადასტურდა დარღვევა. 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტზე, ორივე შემთხვევაში დავადასტურეთ დარღვევა და გაიცა შესაბამისი სანქციები. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 2 მოკვლევის საქმე - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტზე.
გარდა ამისა, მიმდინარე რეჟიმში რჩება 2 მოკვლევის ქეისი. ასევე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად, ამ ეტაპზე, სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები, კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა აღკვეთისათვის განიხილავენ 3 საქმეს.
2020-2021 წლებში, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 2 ანგარიში (საბანკო და სადაზღვევო გარანტიები, ფოთის პორტის გადაზიდვები) და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, გავეცით 14 რეკომენდაცია. კერძოდ, 1 გარე რეკლამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2 რითეილის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში და 11 ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის პროცესში.
ამავე პერიოდში, დავასრულეთ 5 ბაზრის შესწავლა (რითეილის, სიგარეტის, პურ-პროდუქტების, ავტოდაზღვევის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზარი). ამ ეტაპისათვის, დაკვირვების ქვეშ რჩება ფარმაციის და საავტომობილო ბაზრის მონიტორინგები. თუმცა წლის ბოლომდე დაგეგმილია ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის დასრულება.
განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შევისწავლეთ სულ 16 552 კონცენტრაცია. საანგარიშო პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა და 2 განხილვის რეჟიმშია“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას.
„ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების“ დასრულების ანგარიშის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის გუნდი შეხვედრებს მართავს სამთავრობო უწყებებთან, ვინც ამ პროექტით გათვალისწინებული რეფორმების, ღონისძიებების შესრულებაში იყო ჩართული.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სოფიო მომცელიძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; მარიამ დოლიძე, პროექტის ხელმძღვანელი - უფროსი ეკონომისტი; ლიუკ ლერუ, ანგარიშის ავტორი - კონსულტანტი; ევგენი ნაიდოვი, წამყვანი ეკონომისტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში; მეჰეკ მარვაჰა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (პროექტის თანადამფინანსებელი).