logo_geo
eng_logo
„შედით ელენე ახვლედიანის სახლში და მისი სახლი დაგელაპარაკებათ“...
- +

1 აგვისტო. 2016. 02:34



ქიაჩელის ქუჩა 12... მეორე სართულზე ბინის კარი იღება და თვალწინ ყველასათვის ნაცნობი ფილმის კადრები ცოცხლდება. აქ თემურ ფალავანდიშვილმა ფილმის „მზე შემოდგომისა" ერთი სცენა გადაიღო, ხოლო მოგვიანებით თენგიზ აბულაძემ - „მონანიება"...


პირველი, რაც ბინის მისაღებ ოთახში შესულს თვალში გხვდება, სხვადასხვა წელს შექმნილი ფერწერული ტილოებია, მერე - როიალი და სახლის მფლობელის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული ნივთები - ხის გობები, თიხის დოქები, ხალიჩები... ექსპონატებს შორის VI საუკუნის ჭურჭელსაც ნახავთ და შედარებით უფრო გვიანი პერიოდის ერთ საინტერესო ნიმუშს, რომლითაც უწინ თურმე ქალები გოგირდის აბანოში დადიოდნენ და პატარა ზარდახშის მსგავსი, რკინის ყუთით ყველა საჭირო ნივთი, მათ შორის საპონი და ღრუბელი მიჰქონდათ...


საინტერესო ფაქტები მხატვრის ცხოვრებიდან

 

დიმიტრი ახვლედიანსა და ელისაბედ ერისთავს ხუთი შვილი ჰყავდათ. მამა ექიმი იყო, დედა - დიასახლისი. შვილებში ყველაზე უფროსი გახლდათ ელენე, რომელსაც თავიდანვე მოუსვენარი და დამოუკიდებელი ხასიათი ჰქონდა.


ოჯახი ჯერ კახეთიდან თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გადმოსახლდა, ხოლო შემდგარ მხატვარს ქიაჩელის ქუჩაზე ბინა მას შემდეგ მისცეს, რაც იტალია და საფრანგეთი მოიარა. 30-იან წლებში მხატვართა კავშირის გადაწყვეტილებით, მას სახელოსნო გადაეცა. ბინა მხატვრისთვის საცხოვრებელ ფართსაც წარმოადგენდა და მაშინდელი ინტელიგენციის ერთ-ერთ თავშეყრის ადგილსაც - სალონური საღამოებისთვის.



1927 წელს პარიზიდან საქართველოში ჩამოსული მხატვრის პერსონალური გამოფენები თელავში, ქუთაისსა და თბილისში ერთიმეორის მიყოლებით მოეწყო. სწორედ ამ დროს დაათვალიერა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება კოტე მარჯანიშვილმა და მოეწონა. მოგვიანებით რეჟისორმა ის თეატრში მიიწვია სამუშაოდ. ელენე ახვლედიანი ასევე მუშაობდა გამომცემლობა „სახელგამში" ილუსტრატორად.


საზოგადოების დიდი ნაწილი დღითი დღე ეცნობოდა მის ხელოვნებას, აღიარებდა მხატვრის ნიჭს და მისი ნამუშევრებიც სულ უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა.


ელენე 20 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტობისას გათხოვდა. იყო პომპეზური ჯვრისწერა ქაშუეთის ტაძარში და ქუჩებში ფაეტონებით მსვლელობა, რის შემდეგაც წყვილი იტალიაში გაემგზავრა, მაგრამ ქორწინება აპოლონ კაკაბაძესთან ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ქმრის ეჭვიანი ხასიათის გამო, მხატვარმა მასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა.


ახალგანქორწინებული ელენე სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა, იქ მანქანის მართვის შესწავლა მოისურვა და ავტომობილი იქირავა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ მართავდა, მაინც გაბედა, ხალხმრავალ ადგილას გასულიყო. ვერ გაუმკლავდა - მანქანით ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში შევარდა, ჩაიმსხვრა ვიტრინა, დაზიანდა დახლი და ახალგაზრდა მძღოლიც დაშავდა. სამი თვის ფეხმძიმე ელენეს მუცელი მოეშალა. სამწუხაროდ, ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი ორსულობა...



მიუხედავად იმისა, რომ ელენე და მისი მეუღლე ერთმანეთს მალე დაშორდნენ, ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. 1937 წელს კაკაბაძე რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, ელენე ყოფილი ქმრის ოჯახში მიდიოდა და მის შვილებს ყურადღებას არ აკლებდა.


თავად აღარ გათხოვილა, თუმცა, ბუნებრივია, თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა. მათ შორის იყო იოსებ გრიშაშვილი. როცა მხატვარი გათხოვდა, პოეტს ელენესთვის ლექსად დაწერილი წყენის სიტყვები გაუგზავნია: „სიყვარულის საკითხებში, შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს, შენი ქმარი კაკაბაძე"...


ელენეს მუსიკა და მხატვრობა ერთიანად იტაცებდა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მხატვრობის განხრით მიიღო, მის ცხოვრებაში მუსიკა არ გამქრალა. მის ბინაში სალონური საღამოები ხშირად ეწყობოდა და პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად, მასპინძელი თავადაც ხშირად უკრავდა როიალზე ან გიტარაზე. როიალი ოთარ თაქთაქიშვილს უჩუქებია. მუსიკოსებს ძალიან მოსწონთ „ბლუტნერის" ფირმის ინსტრუმენტი, რომელსაც დღემდე კარგი ჟღერადობა აქვს.


სახლი-სახელოსნო

 

ელენე ახვლედიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ყველაფერი თითქმის ისეა შენარჩუნებული, როგორც მხატვრის ცხოვრების დროს იყო. მუზეუმი ახვლედიანის ბინა-სახელოსნოს ბაზაზეა დაფუძნებული და სამი ძირითადი ოთახისგან შედგება.


სახლი გერმანული თუჯის ღუმელით თბებოდა და მისი სიმხურვალე 200 კვადრატულ მეტრ ფართზე ნაწილდებოდა.



კედლებზე ფარდაგები და ქართული საკრავების ნიმუშებია გამოფენილი. მხატვრის უშუალო ინიციატივით, ბინის შუაში ძველი ქართული დარბაზების მსგავსი დედაბოძია აღმართული, რომლის ესკიზი მხატვარს თავად შეუქმნია. უწინ, ამგვარი დედაბოძის გარშემო სადღესასწაულო სუფრები იშლებოდა.


პატარ-პატარა ანტრესოლებზე ასასვლელი ხის კიბე და მოაჯირები ძველი თბილისის აივნებს მოგაგონებთ, რომლებიც მხატვარს ძალიან უყვარდა. ხევსურული წინდები და ჩანთები, რომლებსაც ბინაში რამდენიმე ადგილას წააწყდებით, ხალხური რეწვის ნიმუშებია და ამ კულტურის მდიდარ, საუკუნოვან ტრადიციებზე მეტყველებს.


მასზე „კარგი დიასახლისიაო", ვერ იტყოდით, სამზარეულოში ტრიალი არასოდეს უყვარდა, ერჩივნა, დრო ტილოსთან გაეტარებინა. რაც უწინ სამზარეულო იყო, ახლა აფიშების ოთახია. მრავალი წლის განმავლობაში ელენე ახვლედიანი მხატვრად მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოსკოვის, ხარკოვის, ლენინგრადისა და სხვა ქალაქების თეატრებში. ბუნებრივია, ამ ოთახში მის მიერ გაფორმებული 80-მდე სპექტაკლის აფიშების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. აქვეა მხატვრის ერთ-ერთი პალიტრა, მაგიდის სარკეც და მისი სიცოცხლის ამსახველი უკანასკნელი ფოტოები.


ფოტოების გადაღება დიდად არ უყვარდა, მაგრამ ერთხელაც ფოტოკორესპონდენტ ალექსანდრე სააკოვის მიერ გადაღებული საგაზეთო ფოტო ისე მოეწონა, მას შემდეგ სულ ამ ფოტოხელოვანს პატიჟებდა თავისი გამოფენების გადასაღებად.



მხატვარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მცირე ხნით ადრე, საქართველოს მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენის დახურვაზე, როცა საზოგადოების წინაშე სიტყვით უნდა წარმდგარიყო, სცენაზე მძიმე ნაბიჯებით გავიდა, შესავალი სიტყვა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა, ჩაიმუხლა და საუბარი ვეღარ შეძლო... იმ პერიოდში თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ ძველი, რკინის კალენდარი. აქაც ის პატარა მაგიდაზე დგას და 28 დეკემბერს უჩვენებს. ამ დღეს მხატვარი ცუდად გახდა, ეტყობა, გადაფურცვლა ვეღარ შეძლო... ორ დღეში, 30 დეკემბერს გარდაიცვალა.


ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზამთრის თემას. ამბობენ, 1901 წლის 18 აპრილს, როცა ის თელავში დაიბადა, თოვლი წამოვიდა და მხატვრის ამ სეზონისადმი სიყვარულიც სწორედ ამან განაპირობაო. შესაძლოა ეს ლეგენდასავით ჟღერს, მაგრამ გამონაგონი ნამდვილად არ არის ის, რასაც მუზეუმის თანამშრომლები ყოველ გაზაფხულზე საკუთარი თვალით ხედავენ: სამზარეულოს გვერდით, ვაზის ფოთლებით დაფარულ აივანზე, სადაც მხატვარი დიდ დროს ატარებდა, აპრილის თვეში ორი ჩიტი მოფრინავს ხოლმე და ბუდეს იკეთებს.


ვიწრო დერეფანში, რომელსაც შეიძლება სასადილო ვუწოდოთ, ჭერზე შემოდგომის ნობათია გამოფენილი. მხატვრის სტუმრები მას შემოდგომის ჭირნახულს ეძახდნენ. მათ თავზე ჩვეულებრივი თუჯის სახეხისგან დამზადებული სანათი წლებია უცვლელად კიდია - ის მხატვარს საკუთარი ხელით დაუმზადებია.


აქვე სხვადასხვა მხატვრის მიერ დახატული ელენე ახლვედიანის პორტრეტებია გამოფენილი, მათი ნაწილი კი ანტრესოლში ინახება.



სასადილოდან სამუშაო ოთახში ვინაცვლებთ, ელენე ახვლედიანის სახელოსნოში სინათლე დიდი ფანჯრებიდან შემოდიოდა, რომელიც ახლა სქელი ფარდებითაა დაფარული.


წლებია, მაგიდაზე ხელუხლებლად აწყვია ის ნამუშევრებიც, რომელთა დასრულება მხატვარმა ვეღარ მოასწრო. თითოეულ სეგმენტს წინასწარ ფანქრით აწერდა, თუ რომელი ფერი უნდა დაედო ამა თუ იმ მონაკვეთზე.


დაუსრულებელი ნახატის გვერდით, მისი განუყრელი სათვალე დევს. ვნახულობთ მხატვრის ხელჯოხებსაც - ერთს ყოველდღიურად ატარებდა, ხოლო მეორეს - მთა-ბარში მოგზაურობის დროს. აქსესუარები არ ხიბლავდა, შეიძლება ითქვას, მისი განუყრელი აქსესუარები ქუდი და ხელჯოხი იყო.


პირად ნივთებთან ერთად, აქ ელენე ახვლედიანის 3000-ზე მეტი ნახატი ინახება. მათ შორისაა ფერწერული, გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები.


ბევრი ნახატი აქვს გაჩუქებული, რომლებიც დღეს თბილისში კერძო კოლექციებში ინახება. ტილოებს ყიდდა კიდეც, ეს მისი შემოსავლის უმთავრესი წყარო იყო. ერთგან კედელზე ჩამოწერილი ჰქონდა ვალების სია - მის სახლთან ახლოს ვერის ბაზარი იყო და ხშირად მოჰქონდა ხოლმე იქიდან „ნისიად" პროდუქტი.


მხატვრისთვის გამორჩეული ნამუშევარი „ზამთარი კახეთში" იყო. თურმე ეს ნახატი განსაკუთრებით მოსწონებია პარიზში პაბლო პიკასოს და შეძენის სურვილიც გამოუთქვამს, მაგრამ ელენეს უარი უთქვამს, მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდიო. თავისი ნახატებიდან ძალიან უყვარდა ძველი თბილისის თემაზე შესრულებული ტილოები. ამ სიყვარულმა შეაქმნევინა მთელი სერია თბილისის „ხოტბაზე"...



ძირითადად ადრე დილით ხატავდა, თუმცა ჩანახატებს აკეთებდა ქუჩაში, ტელეფონზე ლაპარაკის დროსაც და სუფრაზეც, მეგობარ-ახლობლების წრეში. ასეთ დროს, როცა ტილო არ ჰქონდა, ხელსახოცებზე აკეთებდა პატარ-პატარა ჩანახატებს...


ძველი თბილისის სერიის შექმნის შემდეგ, 1972 წელს შოთა რუსთაველის პრემია მიანიჭეს. მეგობრებმა საჩუქრად გრაგნილი გადასცეს, რომელზეც მხატვარს ძალიან თბილად მიმართავენ. მას მაშინდელი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს.

...„შედით მის სახლში და მისი სახლი დაგელაპარაკებათ"... - წერდა მხატვრის ერთ-ერთი მეგობარი ნათელა ურუშაძე და მართლაც ასეა. შეიძლება რამდენიმე საათი გაატარო ვინმესთან სახლში და ვერ მიხვდე, რა ინტერესი და გემოვნება აქვს მეპატრონეს, ელენე ახვლედიანის სახლის ინტერიერი კი მის მფლობელზე სრულ შთაბეჭდილებას გიქმნის, კედლები და ნივთები თავად მოგითხრობენ...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner