„ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დოკუმენტში ე.წ. ოთხეულმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.
„ოთხეული“, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე – ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება – პროგრესის საჭიროება.
დოკუმენტში „ოთხეული“ ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.
აღსანიშნავია, რომ „ოთხეულის“ განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.