ბელგიის პოლიციას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა ბრიუსელში მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც კოვიდრეგულაციებს აპროტესტებდნენ.
ბრიუსელის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ამოქმედებული შეზღუდვები და არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გააპროტესტა.
ქვეყანაში უკვე მესამე კვირაა, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, რაც მომიტინგეების განცხადებით, მათი უფლებების დარღვევაა და სხვა მძიმე დაავადებების მკურნალობაზე შესაძლებლობის არქონას ნიშნავს.
მომიტინგეები მთელი დღის განმავლობაში სკანდირებდნენ - „თავისუფლება“. საპროტესტო მარშის მსვლელობა კი ბრიუსელის ევროკავშირის შტაბ-ბინასთან დასრულდა, სადაც ასევე გააპროტესტეს ევროკავშირის მოწოდებები სავალდებულო აცრების შემოღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
გუშინ ჩატარებული საპროტესტო მარში უმეტესად მშვიდობიანად წარიმართა, თუმცა, როდესაც მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს, პოლიციის თანამშრომლებს 100-მდე მათგანი დაესხა თავს, რასაც სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა ევროკომისიის ოფისთან კორდონის გარღვევა სცადეს. ორივე შემთხვევაში, პოლიციამ აგრესიული პირების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.