logo_geo
eng_logo
მთავრობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება
- +

6 დეკემბერი. 2021. 13:04

 

 

საქართველოს მთავრობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.

 

კანონის მოქმედების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული. ინიციატორები განმარტავენ, რომ ვადის გაგრძელების მიზანია, შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას კონკრეტულ უფლებებს აძლევს.

 

„ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა, შეარბილა COVID-19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა მაისიდან შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება. ინციდენტების ზრდასთან ერთად, ეპიდკონტროლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრებისა და ჰოსპიტალური რესურსების მოხმარებით, საქართველომ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავრობამ შემოდგომის ბოლოს პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო გახადა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი შეზღუდვები. შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა.

 

ამასთანავე, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, ხოლო მის საფუძველზე – შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ეტაპობრივად დაწესდა აუცილებელი შეზღუდვები. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა; განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაადგილების სპეციალური წესები; საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა საჯაროდ შეკრება, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ.

 

ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გარკვეული შეზღუდვების გაგრძელების აუცილებლობა. აღნიშნული კი მოითხოვდა კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რაც 2020 წლის 22 მაისს განხორციელდა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner