ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად კოდექსში არსებული ხარვეზები გამოსწორდება, გარკვეული სახის უკანონო ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაწესდება, სხვადასხვა სიმძიმისა და შედეგების მქონე ქმედებებისთვის სანქციები დიფერენცირდება, ადეკვატური სანქციები დადგინდება. მისივე თქმით, კანონპროქტის მიღება შეამცირებს კონკრეტული სამართალდარღვევების რაოდენობას.
„უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზჭერასთან დაკავშირებული გემებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან მიმართებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, კანონპროექტით ასევე გაიწერება სარწყავი წყლის დატაცებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულების წესიც.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია 12.179 მლნ ევრო. პროექტის მიზანია მოსახლეობის ვაქცინაცია კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით და მასთან დაკავშირებული საგნებისა და ინსტრუმენტების შესყიდვა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.