„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?!“ - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
ოხანაშვილის თქმით, ის, თუ რა ფორმით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, მისი მხარდამჭერებისთვისაც მიუღებელია და ამიტომ თქვა ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი.
„გახსოვთ ატეხილი უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომ მიხეილ სააკაშვილს ეზღუდებოდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, არანაირად არ ეზღუდებოდა, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, დისტანციურად მიეღო მონაწილეობა და მან ამაზე უარი თქვა, ახლა, როცა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების საკითხები აღარ არის სიმკვეთრით სახეზე და შეიძლება დაესწროს სხდომას, ეს ადამიანი უარს ამბობს. როგორც ჩანს, ხვდებიან, კაცი რომ ამ ფორმით შემოიპარა, ეს ხომ შეურაცხმყოფელი იყო თვით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის. როგორც ჩანს, მას არაფერი არ აქვს სათქმელი სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! ის უკვე გავიგეთ, რომ მერაბიშვილს ადებს ხელს, ისურვებდა, საბრალდებო სკამზე საკუთარი ყოფილი მეუღლე ეხილა, ეს გაიგო საზოგადოებამ, ახლა სხდომაზე უნდა ეთქვა, რომ არაჟნებთან ერთად მხდალად შემოიპარა და ეს მისი მხარდამჭერებისთვის არის მიუღებელი, ამიტომ ამის გაჟღერება აღარ სურს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით, 3441-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.
ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.