ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე, გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთან შეხვედრისას, იმ რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს პარლამენტს სხვდასხვა მიმართულებით აქვს. მათ შორის, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას. მხარეებმა ასევე, განიხილეს საარჩევნო რეფორმის საკითხები და ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე.
პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტს საქართველოს პარლამენტისა და, ზოგადად, ქვეყნის აქტიური დახმარებისთვის. NDI-ის დირექტორის, დევიდ მიტჩელის განცხადებით, საქართველო მათთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. მან სურვილი გამოთქვა, რომ მომავალშიც ჩაერთონ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში და დაეხმარონ საქართველოს იმ მიმართულებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროდ ჩათვლის.
ერიკ სვოლველთან შეხვედრისას მხარეებმა, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კონგრესმენმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხმა მიაწვდინოს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისგან მეტი დახმარება მიიღოს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზთან და ენდრიუ კლაიდთან. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.