logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რატომ მოდიხართ, თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს?
- +

9 დეკემბერი. 2021. 17:10

 

„ყოველთვის გამოვხატავდი და მომავალშიც გამოვხატავ ურთიერთობის მზადყოფნას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მისი დღევანდელი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

 

კითხვაზე, რას ნიშნავდა მედიასთან დაკავშირებით დღევანდელი განცხადება, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის გამოხატავდა კომუნიკაციის მზადყოფნას და თავს არ არიდებდა შეკითხვებს.

 

„ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა გვექნება. მე ჩემი მხრიდან ყოველთვის გამოვხატავდი, გამოვხატავ და მომავალშიც გამოვხატავ ურთიერთობის მზადყოფნას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე თქვენს დასმულ შეკითხვებზე თავი ამერიდებინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, სხვადასხვა ღონისძიება ყოფილიყო და შეიძლება, თქვენ მიერ დასმული კითხვა იმ ღონისძიების კონტექსტში არ ყოფილიყო. მაგრამ მგონია, რომ არასწორია იმ კონკრეტული თემებისა და საკითხების არგაშუქება, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტს, რომლებიც ეხება მიმდინარე პროექტებს, სამუშაოებს. ეს ქალაქი ხომ ყველასია. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თუ თემა არ გაინტერესებთ, მაშინ ნუ მობრძანდებით. რატომ მოდიხართ, თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს? ვერ ვითანამშრომლებთ, სხვა ბერკეტი მე არ გამაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კითხვაზე, რა სახის ზომებს შეიძლება, ჰქონდეს ადგილი, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამას მომავალში ვნახავთ.

 

„ამას ვნახავთ. რა ფორმა ექნება, ამას ვნახავთ, თუ ეს გაგრძელდება. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ღონისძიებაზე ხართ დაპატიჟებული და უნდა გააშუქოთ ეს კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენს სამსახურს აქვს გაკეთებული მონიტორინგი და არც ერთი ღონისძიება არც ერთ საინფორმაციოში არ არის გაკეთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა მედიას აღნიშნული ღონისძიებების გაშუქების ვალდებულება, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არც მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება.

 

„არც მე მაქვს ვალდებულება, თქვენთან ვიდგე და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. ჩემს განცხადებებს საზოგადოება მოისმენს. ამის პრობლემას მე არ შევქმნი“, – დასძინა თბილისის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner