მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც საუბარი დიდი აქციისთვის მზადებასა და პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების საკითხს შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა დესტრუქციული პარტიის გეგმები და თუ რამდენად არაგულწრფელი იყო ის შერიგება, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სთავაზობდა.
„ქვეყანა გადაიტვირთება მაშინ, როცა სააკაშვილი საჯაროდ მოუხდის ბოდიშს ყველა იმ ადამიანის, ვის წინაშეც მას და მის რეჟიმს დანაშაული მიუძღვის. ქვეყანა გადაიტვირთება მაშინ, როცა ის მოიხდის სასჯელს. თუ ამის შემდეგ საზოგადოების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მას მიუტევოს ეს სასჯელი და დააბრუნოს პოლიტიკაში, შესაძლებელი იქნება რაღაც კომპრომისებზე ლაპარაკი“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
წერილს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილიც.
„ხან შერიგებას ითხოვენ და ამის ფონზე აქციას აანონსებენ, ხან ხელისუფლების ძალით გადაბარებაზე საუბრობენ, ამიტომ არც თავიდან გვჯეროდა ამ შერიგების და ვერც მომავალში დავიჯერებთ. ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დრო იწურება და ეს მათი პრობლემაა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.