logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როდესაც იქნება ცხადი, თუ ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მე არ ვიცოდი ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ
- +

10 დეკემბერი. 2021. 12:37

 

 

„გამიჭირდება საუბარი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ტიკარაძეს წარმატება უსურვა.

 

კახა კალაძის თქმით, მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

„გამიჭირდება საუბარი, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ის გუნდიდან არ მიდის და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი ჯანდაცვის მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში გადაწყდება. მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როდესაც იქნება ცხადი, თუ ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მე არ ვიცოდი ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა კახა კალაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ეს არასწორი ინფორმაციაა.

 

„არ მგონია, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რატომ იგონებთ. არანაირი დაპირისპირება არ იყო და არავინ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი. შეიძლება, გარკვეულ საკითხებზე იყო მსჯელობა, შეიძლება, იყო აზრთა სხვადასხვაობა, არ ვიცი, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება ამაზე საუბარი. მთავრობის ხელმძღვანელი თავის კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს არც გენერალური მდივნის საქმე არ არის და არც პოლიტსაბჭოს წევრის. მე ვარ ქალაქის მერი და მაქვს ჩემი საქმე, ჩემი დღის წესრიგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

 

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner