„2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც უფლებების ფართო სპექტრს ფარავს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება. სწორედ ამ სულისკვეთებით დაიწერა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. დეკლარაცია ბუნებითი სამართლის პრინციპებს ეფუძნება და აღიარებს ყველა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას და თანასწორობას.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ იყო ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ასახავს ქართველი ერის ურყევ ნებას ააშენოს დემოკრატიული, თავისუფალი, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სრულად ასახავდეს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში. 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნებოდა და განსაზღვრავდა საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, „კარგი მმართველობის“ განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.
ამჟამად, მთავრობა მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს. ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებით წარმატების მიღწევა გარდაუვალია!“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.