„ჯანდაცვის მინისტრად ჩემი წარდგენა ცალსახად არ განიხილება“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მინისტრის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა. გაბუნიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მისთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.
„როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.
კოვიდის მართვა განსაკუთრებულ საჭიროებებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ საკითხების გადაბარება მოხდეს სწორად და არცერთ შემთხვევაში წყვეტა არცერთი მიმართულებით არ გვქონდეს. სხვა დანარჩენი არის მენეჯმენტისა და ადგილზე მოსაგვარებელი თემები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში თვის ბოლომდე უნდა გაკეთდეს ისე, რომ კოვიდის არცერთ მიმართულებას მართვის რისკები არ შეექმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე - ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.