„სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე. ეს არის დღე, როცა გვახსენდება, რომ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე, რა წვლილი და კონტრიბუცია შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს ამ საქმეში შევიტანოთ, რათა უკეთესი სტანდარტები გვქონდეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე- „ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება და უთანასწორობის შემცირება“.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო და ხელისუფლება არ არის ერთადერთი აქტორი, არამედ თითოეულ მოქალაქეს აქვს ვალდებულება, ერთმანეთის უფლებებსა და თავისუფლებებს პატივისცემით მოექცნენ და ხელი შეუწყონ ერთმანეთს ამ უფლებების განხორციელებაში.
„მიხარია, რომ კომიტეტი, რომელსაც წარმოვადგენ, სწორედ ასე იწოდება - ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ეს ერთი მეორესთან გადაჯაჭვულია, რადგან ორივეს ბაზისი არის ის სიტყვა, რომელიც გამოყენებულია დღევანდელი ღონისძიების სათაურშიც და ეს არის უთანასწორობის შემცირება, რომელიც საბაზისო ღირებულებაა, კონტექსტია და ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა დაშენდეს ნებისმიერ განვითარება, იქნება ეს ადამიანის უფლებების მიმართულებით, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით თუ სხვ. იმიტომ, რომ მთავარი ღირებულება, რომელიც ადამიანებს გვაგრძნობინებს თავს სამართლიან გარემოში სწორედ უთანასწორობის შემცირებას უკავშირდება და იგი თანასწორობის დამკვიდრებისკენ უნდა იყოს მიმართული“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, სამოქალაქო ინტეგრაცია საკმაოდ რთული პროცესია და საჭიროა კარგად იყოს გაცნობიერებული მიზეზები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ნაკლებ ინტეგრაციას.
„ჩვენ გვაქვს მწვავე პრობლემები რამდენიმე რეგიონში და, ზოგადად, ქვეყანაში. ეს არის ნაკლები, არასაკმარისი ჩართულობა ჩვენი თანამოქალაქეებისა ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და საზოგადო საქმიანობაში. როდესაც ვსაუბრობთ ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობებზე, რომლებიც შესაძლოა თავს გრძნობდნენ გარიყულად, იზოლირებულად უთანასწოროდ დანარჩენი საზოგადოებისგან, ბუნებრივია, იქმნება საფრთხე, რომ საზოგადოების გარკვეული სეგმენტი და მთელი ქვეყნის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ თავს არ აღიქვამდეს პასუხისმგებლად და უფლებამოსილად, ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. ეს არის ერთი დიდი პრობლემა. საჭიროა, რაც შეიძლება გაიზარდოს ყველას ჩართულობა, რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადაიჭრას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით კანონში გაწერილი ნორმები პრაქტიკულ ცხოვრებაში რეალურად უნდა განხორციელდეს.
„საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარებისთვის იმდენად დიდი რესურსები არ არის, როგორც პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის საჭიროება და ვართ განვითარების იმ სტადიაში, როდესაც დე-იურე თანასწორობიდან უნდა გადავიდეთ დე-ფაქტო თანასწორობაზე. კონსტიტუცია განაპირობებს ამას, ბევრი საკანონმდებლო აქტი ადგენს, ითვალისწინებს, ცალსახად მიუთითებს, მაგრამ ყველანი აშკარად ვხვდებით, რომ ეს საკმარისი არ არის და შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი ინფორმაციით, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მრავალი აქტივობა განხორციელდა, მაგრამ ეს ის სფეროებია, რომელშიც განხორციელებული აქტივობები არასდროს იქნება საკმარისი.
„ადამიანის უფლებები და სამოქალაქო ინტეგრაცია ეს ის სფეროებია, რომლითაც არასდროს უნდა ვიყოთ კმაყოფილი და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ნაბიჯების კიდევ უფრო წინ გადადგმის შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავაფასოთ ის ძალიან კარგი რეზულტატები, რომელიც უკვე არსებობს თუმცა ორიენტირი უნდა გვქონდეს შემდგომ განვითარებაზე, კიდევ უფრო სრულყოფაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.