logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ირაკლი ქემოკლიძე სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა
- +

10 დეკემბერი. 2021. 20:37

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ქემოკლიძის ოჯახის წევრებს გადასცა, მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.

 

,,სამოქალაქო აქტივიზმი არის რეალური ბრძოლა, დიდი და მძიმე საქმე, რომელსაც მოყვება შედეგი, როცა ადამიანი სწორედ და თანმიმდევრულად მიემართება შედეგის მისაღწევად.

 

დღეს ჩვენ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ ირაკლი ქემოკლიძემ რეალურად მიაღწია შედეგს და შშმ პირთა უფლებების დაცვის დარგში ისეთი წინსვლა და ისეთი შედეგები დატოვა კანონმდებლობაში, რომ ამის შემდეგ უკუსვლა არ შეიძლება მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებების ბრძანება მისცა, პარლამენტმაც შეასრულა ეს და 2015 წლიდან უკვე მოქმედებს ეს ცვლილებები.

 

ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომლის მაგალითიც ახალგაზრდებმა უნდა გაიმეორონ.

 

ეს არის ბევრი ცოდნის, ბევრი სწავლის და ბევრი ბრძოლის შედეგი. ეს ნიშანია იმისა, რომ ასეთ ბრძოლას, თუნდაც ხანგრძლივს, ყოველთვის აქვს ფასი და შედეგი და ყოველთვის იმსახურებს დაფასებას.

 

მინდა, რომ დღეს ამ ჯილდოთი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ.

 

ძალიან რთულია, ადამიანი რომ კოვიდით გარდაიცვალა, როდესაც აცრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ იყო. უნდა ვიფიქროთ და დღეს, სადაც ამის შესაძლებლობაა, ადამიანები აცრილები უნდა იყვნენ. ეს მთელი საზოგადოებისა და ოჯახების მიმართ ჩვენი, ყველას ვალდებულებაა. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ირაკლი ქემოკლიძის დაჯილდოება.

 

,,ეს არ არის მხოლოდ ირაკლის ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ შშმ საზოგადოებას, ყველა შშმ პირს და მათ ოჯახს. ირაკლიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებაში და ეს წარმატებული დასაწყისი თაობებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლის დაწყებული საქმე ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

 

საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ქემოკლიძის დედამ, მაია ასაკაშვილმა.

 

,,მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქვეყნის მთავარსარდალი აჯილდოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ამ უმაღლესი ჯილდოთი. ირაკლი ქემოკლიძე ჯილდოვდება სამოქალაქო აქტივიზმისთვის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების მხარდაჭერისთვის. მან ძალიან დიდი ბრძოლა გასწია დედისა და ადვოკატების მხარდაჭერით, რომ შეგვეცვალა სისტემა. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ირაკლიმ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ“, - აღნიშნა მაია ასაკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner