„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორი და პარტნიორია. სხვა საკითხებთან ერთად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ საკითხებით ვიყავით დაკავებული“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩმა საქართველოში ევროკავშირის მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა და მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისითაც შეაფასა.
„ვფიქრობ, ამ წელს გაგრძელდა ის გულმოდგინე მუშაობა, რომელსაც შარშან ვეწეოდით. ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ COVID-პანდემიის გავრცელებისთანავე შევძელით დახმარების რესტრუქტურიზაცია, რომ მომხდარიყო მისი მიმართვა საჭიროებისამებრ. პირველ რიგში, ეს იყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაცია, ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება მათი ბიზნესის გადასარჩენად და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
ეს მუშაობა წელსაც გავაგრძელეთ, მაგრამ იმასაც ვიტყოდი, რომ წელს ვცდილობთ, გავაფართოოთ ჰორიზონტი, შევხედოთ პოსტ-პანდემიურ მდგომარეობას და დავინახოთ, თუ როგორ შეძლებს საქართველო ამ სიტუაციიდან გამოსვლას მომავალში. ვფიქრობ, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, რომ წელს, რეგიონებში დიდი სამუშაო გავწიეთ - დავხმარებოდით სოფელსა და ქალაქს შორის არსებული სხვაობის შემცირებას, რომ წვლილი შეგვეტანა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.
ჯანდაცვის სექტორშიც ვიმუშავეთ, მათ შორის, ხელი შევუწყვეთ პირველად ტელემედიცინის დანერგვას საქართველოში. მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ სოციალური დაცვის სფეროში. ეს წელი ასევე აღსანიშნავი იყო ერთგვარი მიღწევებით ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, რაც ენთუზიაზმით გვავსებს და ადამიანების ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, რაც გავაკეთეთ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორი და პარტნიორია, და სხვა საკითხებთან ერთად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ საკითხებით ვიყავით დაკავებული“, - განაცხადა ჰარცელმა.