logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მამა ანდრია, უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ საკითხით
- +

13 დეკემბერი. 2021. 11:42

მოკლული აკადემიკოსის გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ღია წერილი 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს,

მამა ანდრია ჯაღმაიძეს

 

უპირველეს ყოვლისა, დაგიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ ყოველივე კარგს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

ერთ საჭირბოროტო და უხერხულ საკითხზე მოგმართავთ, რომლის ისტორია ასეთია: 1994 წლის ოქტომბერში გაიმართა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ „სრულიად ქართველთა დიდი ფორუმი“, რომლის პრეზიდენტი ჩვენი დიდი კინორეჟისორი - რეზო ჩხეიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - გურამ შარაძე გახლდნენ. თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, თელავში, მესტიაში და ა.შ., ჩატარდა უამრავი ღონისძიება.  მათ შორის, პარიზსა და მიუნხენში მცხოვრებმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ კარლო ინასარიძემ და მისმა მეუღლემ თინა პატარიძემ, თბილისს ე.წ. „ვალასის წყარო“, იგივე „ვალასის შადრევანი“ უსახსოვრეს, რომელიც საგანგებოდ, საქართველოსთვის დაამზადებინეს პარიზში, 1989 წელს. დიდი ინგლისელი მეცენატის, სერ რიჩარდ ვალასის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ თხრობით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მან ულამაზესი შადრევნის ათეულობით ეგზემპლარი პარიზსა და პარიზელებს აჩუქა. ამიტომ უწოდებენ, აგრეთვე, „პარიზის შადრევანს“, რომლის ასლები დღეს მსოფლიოს დიდ ქალაქებს ამშვენებენ და მათი კულტურული თვითმყოფადობის ნაწილია.

 

ქართული ემიგრაციის ისტორიაში, კარლო და თინა ინასარიძეების შეტანილ წვლილს აქ არ შევეხებით, არც ქალბატონი თინას მამის - ელისე პატარიძისა და და-ძმის - გულიკოს და ოთარის შესახებ გიამბობთ, ისედაც ცნობილია ამ ოჯახის ღვაწლი. ძნელია იმ რთული და გრძელი გზის გადმოცემაც, რაც შადრევანმა ევროპიდან საქართველომდე გამოიარა და არც იმის აღწერაა ადვილი, თუ რა სიყვარული, ენერგია, სახსრები გაიღეს ინასარიძეებმა, რა ძალისხმევა დასჭირდა გურამ შარაძეს, რათა ძვირფასი საჩუქარი ჯერ თბილისში ჩამოეტანა და შემდგომ, საპატრიარქოსთან მიმდებარე სკვერში, ერეკლეს მოედანზე დაედგა.

 

სამწუხაროდ, წლებია, რაც შადრევანმა დაკარგა ფუნქცია - წყალი აღარ მიეწოდება, ყოველდღიურად იბილწება ფრინველებისა და მოხეტიალე ადამიანების მიერ, გაძარცულია და მოპარულია გუმბათი. დამეთანხმებით, რომ ეს მდგომარეობა უხერხულია ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ათეული წლის მანძილზე, უცხოეთის ცის ქვეშ, სამშობლოსათვის იღვწოდა. თავი რომ დავანებოთ თბილისის შუაგულში მდებარე სკვერის გავერანებულ ყოფას.

 

2021 წლის 11 თებერვალს, ოფიციალური წერილით მივმართეთ ქალაქ თბილისის მერიასა და პირადად მერს - კახა კალაძეს. ხელმომწერები ვიყავით: ლევან თაქთაქიშვილი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე), რუსუდან კობახიძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი), გიორგი ჯანელიძე (ჟურნალისტი), რუსუდან შარაძე (ფილოლოგი). მეორე დღეს, 12 თებერვალს, მოხდა რეაგირება და გამოგზავნეს სპეციალისტი. მალევე მოგვწერეს ოფიციალური წერილიც, რომ საკითხს განიხილავდნენ. კრწანისის რაიონის გამგეობა დღესაც  მზად არის, შადრევნის რეაბილიტაციისთვის გაიღოს ყველა რესურსი. თუმცა, დგას ერთი პრობლემა - სკვერი არის საპატრიარქოს განკარგულებაში და გაცემულია იჯარით.

 

მამა ანდრია, უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ საკითხით, რათა საბოლოოდ აღდგეს ეს ძვირფასი, თბილისელებისთვის მთელი გულით გაღებული საჩუქარი. ამით მოვიხდით ვალს ბატონი კარლოს სულის წინაშე, ხოლო ქალბატონი თინა, დარწმუნებულები ვართ, სულგრძელად მოგვიტევებს.

 

უღრმესი პატივისცემით

რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი

12 დეკემბერი, 2021 წელი

P.S. ფოტოები გადავიღე 2021 წლის ივლისში, თბილისში. პარიზის შადრევნების ფოტოები იხ.:

 

http://paris1900.lartnouveau.com/.../les_fontaines...“- წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner