„საზოგადოებას სააკაშვილის არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი არ აინტერესებს. მისი პირადი საქმეა, რას შეჭამს და რა წამლებს მიიღებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
იგი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისა და ცენტრ „ემპათიას“ სპეციალისტების პოზიციას გამოეხმაურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოეთში რეაბილიტაციას მოითხოვს.
„ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. გასაგებია, რომ მის პირად ექიმსა და მის ოჯახის წევრებს, შეიძლება, აღელვებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრისა და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ გვაქვს, რადგან იგი საქართველოს საზოგადოებამ არ დასვა. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა, რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ამის ინტერესი ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.