საქართველოში „ომიკრონის“ შტამის სავარაუდო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა, ჯერ ის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. ოფიციალური პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ექიმები ამბობენ, რომ საზღვრები შტამს ვერ შეაჩერებს და რეალურია, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დადასტურდეს. ახალი შტამი უკვე გამოავლინეს რუსეთსა და თურქეთში, ჯამში, მსოფლიოს 63 ქვეყანაში.
„საეჭვო შემთხვევები, რასაკვირველია, უკვე არის, რომელთა გადამოწმებაც მიმდინარეობს ღრმა გამოკვლევებით, რომელიც დროს საჭიროებს. ჯერჯერობით, ოფიციალურად, საქართველოში აღებული სინჯებიდან „ომიკრონის“ შტამი დადასტურებული არ არის“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ.