მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართება.
„2021 წლის სამიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემდგომ ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში აქტიური მსჯელობები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. ევროკომისიის მიერ შემუშავდა რამდენიმე დოკუმენტი, სადაც საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებზე. სამიტი პოლიტიკურ წონას შემატებს იმ სამუშაოს, რომელიც ორი წლის განმავლობაში გასწიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და დაინტერესებულმა პარტნიორმა ქვეყნებმა. ასოცირებული ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული მისწრაფებების პროგრესს. ხაზი უნდა გაესვას ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ აქტიურობას, კერძოდ, საქართველომ ა.წ. 19 ივლისს ტრიოს ფორმატში, პირველ სამიტს უმასპინძლა, სადაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც მონაწილეობდა. „იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გეგმის წარმატებისთვის, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, ეს სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
„მოველით, რომ სამიტი შეძლებს პოლიტიკური დეკლარაციის მიღებას, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან და ჩვენს პერსპექტივებთან დაკავშირებით იქნება მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილები. მოსამზადებელ პერიოდში ჩვენ აქტიურად გამოვიყენეთ საპარლამენტო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, გასულ კვირას მივიღეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მორიგი სხდომა მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით 2 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორების სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ.
„საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას, რაც ამ ქვეყნებს, განსახორციელებელი რეფორმებისთვის მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება. ჩვენი გზავნილი ასევე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა მეტი აქტიურობა და ჩართულობა უნდა გამოიჩინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აუცილებელია ჩამოყალიბდეს უფრო კოორდინირებული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.
„ევრონესტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილის ტექსტი უკვე გადაეგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლისა და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
2021 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.