logo_geo
eng_logo
პარლამენტის სამმა კომიტეტმა ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
- +

13 დეკემბერი. 2021. 17:58

„პარლამენტის აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე სრულიად ახალი კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა“, - ამის შესხებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლებს საქართველოს მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა და კანონპროექტების ზოგადი პრინციპები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გააცნო.

 

„ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისა და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს. ეს არის კანონპროექტი, რომლის მთავარი ვალდებულებები ცხადია გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად უნდა გაატაროს მომდევნო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენ დავნერგოთ წყლის რესურსების მართვის ის სისტემა, რაც ევროკავშირში უკვე საკმაოდ დიდი ხანია დანერგილი გახლავს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

მომხსენებლის თქმით, დღეს წყლის რესურსების გამოყენების მიმართულებით ქვეყანა 1997 წელს მიღებული წყლის რესურსების კანონით ხელმძღვანელობს, რომელშიც წლების განმავლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს არ პასუხობს.

 

მან მოკლედ ისაუბრა პრინციპების დონეზე იმის თაობაზე, თუ რა შეიცვლება არსებულ საკანონმდებლო სივრცეში ახალი კანონმდებლობის შემოღებით.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალ კანონპროექტზე მუშაობა შვიდი წლის წინ დაიწყეს და დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა მისი განხილვა სხვადასხვა დონეზე, ვინაიდან კანონპროექტი მარტო სამინისტროს კომპეტენციის საკუთრებაში მყოფ საკითხებს არ მოიცავს.

 

მისი თქმით, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროსა და სექტორს ეხება, შესაბამისად, კომპლექსურია ის ვალდებულებებიც, რაც ახალ კანონპროექტს შემოაქვს.

 

„კანონპროექტით გათვალისწინებულია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დანერგვა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა მდინარეთა აუზებად უნდა დაიყოს და მოხდეს მდინარეთა აუზების მიხედვით სააუზო მართვის გეგმების შემუშავება, რათა წყალსარგებლობა და წყლის გამოყენება მოხდეს მდგრადად, რაციონალურად და ეტაპობრივად მოხდეს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის და ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება სხვადასხვა მდინარეების აუზებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამგვარად, კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა, ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა.

 

შედეგად: მოხდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა; ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შემუშავდება წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამები; მოხდება ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების განსაზღვრა; გაიზრდება კარგი ხარისხის წყალზე ხელმისაწვდომობა, წყლის ობიექტების ხარისხის დაცვა/გაუმჯობესება; მოწესრიგდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლით დაბინძურების საკითხი და ა. შ.

 

ახალი კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით ცვლილებები თხუთმეტამდე კანონში შედის.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა თავის მხრივ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა კანონპროექტის მნიშვნელობა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კონტექსტში.

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კანონპროექტის მიღებას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კონტექსტში, ვინაიდან ეს ვალდებულებები ჩვენ დღის წესრიგში დიდი ხანია გაწერილია და ამ კანონპროექტით რეალურად ხდება ევროკავშირის 5 დირექტივასთან დაახლოება. ეს დირექტივები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ევროკავშირის შემდეგი დირექტივები: წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისთვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ; წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვისა შესახებ; ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ; ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებული წყლების დაცვის შესახებ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

შემდეგ მომხსენებელმა განხილვაში მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. კენჭისყრის შედეგად, სამივე კომიტეტმა კანონპროექტს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner