„ვირუსის ამ ვარიანტს (ომიკრონი) აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება.
„საქართველო არ არის იზოლირებული ქვეყანა და ვერ მოხერხდება ის, რომ ჩვენ მუდმივად თავი დავიცვათ „ომიკრონისგან. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორი სისწრაფე აქვს გავრცელების ევროკავშირის ქვეყნებში. ამის მაგალითია ბრიტანეთი, სადაც სულ რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა და დღეს ლონდონის ყოველდღიური შემთხვევების 44%, თითქმის ნახევარი არის „ომიკრონი“. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ელოდებიან ახალ ტალღას, იმიტომ რომ ვირუსის ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები.
საკმაოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები და ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ, კარგი ინფორმაცია ისაა, რომ მესამე „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდგომ, მხოლოდ 35%-ია“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.