logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ში გამართულ ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რეფორმებზე შეთანხმების მთავარი ადგილი პარლამენტი უნდა იყოს და პარტიები, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტირებას მიმართავენ, რეფორმების განხორციელებაში ვერ ჩაერთვებიან
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:40

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ კონგრესში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერად მიიჩნევს და განმარტავს, თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.

 

„არაერთი შეხვედრა გავმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც კონგრესში, ისე - სახელმწიფო დეპარტამენტში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ხედვა, რომელიც თავდასცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით წარმოვადგინეთ, სრულიად გაიზიარეს კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი ვიზიტის პერიოდში, 8 კონგრესმენმა მიმართა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს, რათა დაიწყოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩვენსა და ამერიკას შორის“, - აღნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

მისი თქმით, აშშ საქართველოს მჭიდრო და მტკიცე პარტნიორად მიიჩნევს.

 

„საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენ მიერ გასატარებელი რეფორმები იყო. აღინიშნა, რომ, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებისთვის, მომდევნო სამი წელი საუკეთესო პერიოდია. ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ ამ რეფორმებზე შეთანხმების მთავარი ადგილი უნდა იყოს პარლამენტი და ვერცერთი ის პარტია, რომელიც პარლამენტის ბოიკოტირებას მიმართავს, ვერ ჩაერთვება რეფორმების განხორციელებაში. ძალიან საინტერესოა, რომ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, პოზიციები თანხვედრაში იყო. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი, თუ რა ხდება სასამართლო რეფორმის მიმართულებით და რა შეიძლება გაკეთდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდა. ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner