„არ შეიძლება, რომ შერიგების მოწოდება გააკეთო და ამავე დროს თავს ესხმოდე ხელისუფლებას, შენი ქვეყნის ინსტიტუტებს. მათი განცხადებები და რეალური ქმედებები არის ერთმანეთისგან დაცილებული, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ფორმით ცდილობენ თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან შერიგებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. შეთანხმება რაიმესთან დაკავშირებით არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ პოლიტიკურად მძიმე დანაშაულებს, რომელიც სააკაშვილმა და სახელისუფლებო გუნდმა ჩაიდინა აღიარებენ ეს ადამიანები. საზოგადოებას უმტკიცებენ საპირისპიროს, რომ არაფერში არიან დამნაშავეები და იჩაგრებიან ამ ქვეყანაში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს არის სიცრუე. ამიტომ, შეთანხმების და პოლიტიკური სტაბილურობის ერთადერთი საფუძველია, რომ სააკაშვილმა და რადიკალურმა ოპოზიციამ დაანებონ თავი დესტრუქციულ ქმედებებს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და ჩაერთონ საპარლამენტო პროცესებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ქვეყანაში მათი მონაწილეობით რაიმე პოლიტიკური სტაბილურობა ჩამოყალიბდეს. რაც არ უნდა დესტრუქციული ქმედებები ჩაიდინონ და ახალი პროვოკაციები მოიფიქრონ, ეცადონ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ქვეყნის ყველაზე საინტერესო საკითხად დატოვონ, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ძალისხმევას დავხარჯავთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მართლაც გვაწუხებს. ეს არის ნომერ პირველი საკითხი და არა სააკაშვილის ჯანმრთელობა, რომელსაც მიხედავს პენიტენციური სამსახური და ექიმები.
არ შეიძლება, რომ შერიგების მოწოდება გააკეთო და ამავე დროს თავს ესხმოდე ხელისუფლებას, შენი ქვეყნის ინსტიტუტებს. მათი განცხადებები და რეალური ქმედებები არის ერთმანეთისგან დაცილებული. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი ფორმით ცდილობენ თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს გვახსენებს, რაც გააკეთა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც გორში სამხედრო თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიატოვა სტრატეგიული პარტნიორები საფრანგეთიდან და გაიქცა, შესაბამისად მისი სტილი და პოლიტიკური ღირებულებები რჩება უცვლელი. სააკაშვილი ვერ იქნება ვერც შერიგების და ვერც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტორი, იმიტომ, რომ ის ყოველთვის აკეთებდა საპირისპიროს და დღესაც აგრძელებს იმავეს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.