logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკლარაციაში არის რამდენიმე ძალიან კარგი, დადებითი, პერსპექტიული მიღწევა საქართველოსათვის
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:11

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობისაა. ახლა, როცა ევროპაშიც სერიოზული პრობლემებია, ჩვენს რეგიონში რამდენიმე ქვეყანა თითქმის პირდაპირი გაგებით ცეცხლშია გახვეული და რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ბევრი არაფერი უკლია, ვფიქრობ, რომ მიღებული დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, დეკლარაციაში არის რამდენიმე ძალიან კარგი, დადებითი, პერსპექტიული მიღწევა საქართველოსათვის.

 

„მე მინდა მივულოცო საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას ევროკავშირთან წარმატებული მუშაობა, რადგან ამ 6 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე აქტიურად მუშაობდა ამ შედეგების მისაღწევად. რამდენიმე საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რჩება ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მიმართულებად. ასევე გამოიკვეთა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები განსაკუთრებულად დაახლოებულები არიან ევროკავშირთან. წინ წავიწიეთ ფინანსური დახმარების თვალსაზრისითაც. ევროკავშირმა გამოყო საკმაოდ დიდი თანხა, რომლის გაზრდა იგეგმება დაახლოებით 17 მლრდ დოლარამდე. ეს იქნება სერიოზული საინვესტიციო დახმარება საქართველოსთვის მომდევნო წლებში. ასევე საქართველომ მიიღო დაშვება ევროპის ერთიან ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გარეშეც ქართულ ეკონომიკას შეეძლება, ევროპის ერთიან ბაზარში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ მოცემულ ეტაპზე ეს მიღწევები არის ძალიან კარგი და იმედისმომცემი“, - აცხადებს ხელაშვილი.

 

„ევროკავშირი ადასტურებს ყველა პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციებისა და მიზნების ის დონე, რომლისკენაც ევროკავშირთან ურთიერთობაში ისწრაფვის“, - ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner